Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კორონარული პროცედურები ამერიკული წარმოების სტენტებით ჩატარდება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კორონარული პროცედურები ამერიკული წარმოების სტენტებით ჩატარდება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიური და გადაუდებელი ჩარევები გულის სისხლძარღვებზე მხოლოდ ამერიკული წარმოებისკომპანია Abbott-ის („ებოტი“) სტენტებით ჩატარდება. ზემოაღნიშნული აქცია ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით და სპეციალური ფასების მიღებით გახდა შესაძლებელი.

გულის მკვებავ (კორონარულ) არტერიებზე ჩარევები დახშული მონაკვეთების გახსნის ან შევიწროებული მონაკვეთების გაფართოების მიზნით ტარდება. პროცედურის დროს არტერიაში სპირალური ბადის, ე.წ. სტენტის ჩადგმა ხდება, რომელიც მუდმივად რჩება სისხლძარღვში, რათა სისხლის ნაკადის თავისუფლად მოძრაობა და გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგება შეუფერხებლად უზრუნველყოს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ცენტრში ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კათეტერიზაციის ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა სირთულის კორონარული და სარქვლოვანი ინტერვენციები ნაკლებად ინვაზიური მეთოდების გამოყენებით ჩაიტარონ.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის და მაღალი ხარისხის სამედიცინო მასალების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

R.

წაიკითხეთ სრულად