Baby Bag

„თუ მდედრობითი სქესის ხარ, 25 წლის ზევით უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ონკოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, ადამიანებს ურჩია ასაკის შესაბამისად გარკვეული კვლევები ჩაიტარონ:

„მინდა, კარგად დაიმახსოვრო, როდესაც ასაკით გახდები 25 წელს ზევით, თუ მდედრობითი სქესის ხარ, უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით. რაც უფრო მალე შეისწავლი პრობლემას, მანამ, სანამ კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, მით მეტი გაქვს გამარჯვების შანსი. 25 წლიდან შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც. თუ ქალი უახლოვდება 40 წელს, 40 წლიდან უკვე სარძევე ჯირკვლის შესწავლა უნდა დაიწყოს. საქართველოში უამრავი უფასო პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ დროულად იპოვონ პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებ. თუ შენი ასაკი 50 წელს ზევითაა, საჭიროა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.

თუ მამრობით სქესის ხარ, ან მამა გყავს, რომელიც 50 წელს გადაცდა, საჭიროა, წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა. ასაკები ყურადღებით დაიმახსოვრე. როგორც კი ამ ასაკებს მიაღწევ, წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ შენი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრების მიმართ, რომ ეს გამოკვლევა, რომელიც უფასოა და სახელმწიფო მას გიფინანსებს, გაიკეთო და საკუთარ თავს პატივი სცე.

არავინ არ ფიქრობს, რომ მას ექნება ონკოლოგიური დაავადება. ყველა ფიქრობს, რომ ის ჯანმრთელია. ონკოლოგია მაშინ ვლინდება, როდესაც თითქმის ბოლოშია მდგომარეობა გასული,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო,“- ალექსანდრე ზაზარაშვილის დედის ემოციური ისტორია

„დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო,“- ალექსანდრე ზაზარაშვილის დედის ემოციური ისტორია

მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილის დედამ გულიკო ეგნატაშვილმა ოთხი ბავშვის შვილად აყვანის ემოციურ ისტორიაზე ისაუბრა:

„ჩემი ორი შვილი მყავს. ოთხი ბავშვი ვიშვილე. ისინი უკვე 9 წელია ჩემი შვილები არიან. ეს ნამდვილად რთული გადაწყვეტილება იყო. თავიდან ეს იყო ალექსანდრეს გადაწყვეტილება. ალექსანდრე პატარაობიდანვე მონასტერში დაგვყავდა ხოლმე. იქ იზრდებოდა მამა შიოსთან ყინწვისისა და სარკის წმინდა გიორგის მონასტერში. ერთხელ დედამ მოიყვანა შვილი და მამაოს ჩააბარა. ალექსანდრეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან იმოქმედა. მითხრა, თუ შეიძლება, ჩვენ რომ წამოვიყვანოთო. კი-მეთქი, ვუთხარი. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დაგვიკავშირდა ის ქალბატონი და გვთხოვა, რომ დროებით ოთხ დედმამიშვილს, რომლებსაც ვერ დააშორებდნენ, სჭირდებოდათ თავშესაფარი. მე შემეშინდა, დავფიქრდი.​ ალექსანდრე მიყურებდა, რას ვეტყოდი.“

გულიკო ეგნატაშვილის თქმით, ბავშვების დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილებზე ზრუნვა არ შეეძლო:

„წავედით იმ სოფელში, სადაც ეს ბავშვები იყვნენ. რომ მივედით, ვნახე, რომ ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ ბავშვები. ბებო ზრდიდა ბავშვებს. დედა ჰყავდათ ძალიან ცუდად. საავადმყოფოში იყო. პატარა ისეთ სიტუაციაში იყო, რომ მაშინვე გადავწყვიტე, რომ უნდა წავიყვანო. იმ გოგოს მაშინვე ვუთხარი, რომ წავიყვან-მეთქი. რაც შემეძლება, მართლა ყველაფერს გავუკეთებ-მეთქი. ეს დედის გარეშე არ მომხდარა. მას აცნობეს ეს ყველაფერი. მას ფიზიკურად არ შეეძლო ბავშვებზე ზრუნვა თავისი ჯანმრთელობის გამო.“

„ბავშვების წამოყვანის მომენტი იყო ყველაზე რთული ჩემს ცხოვრებაში. იმხელა სტრესი გამოვიარე. დედას ეჭირა პატარა ხელში. მე არ შემეძლო მისი გამორთმევა. სამი გამოიქცა ჩემთან, ჩამეხუტნენ. ამ გოგოს ვუთხარი, რომ დედას შვილს ვერ გამოვართმევდი. თვითონვე მომიყვანა დედამ, ჩამეხუტა და მითხრა, ძალიან ცუდად ვარ და არასდროს ვინერვიულებ, რომ შენს გვერდით იქნებიან ჩემი შვილებიო. ყოველთვის იმ იმედით ვიქნები, რომ დარწმუნებული ვარ, ბედნიერები იქნებიანო. მე ვუთხარი, რომ რაც შემეძლება ყველაფერს გავუკეთებ-მეთქი. წამოვიყვანეთ ეს ოთხი ბავშვი. ალექსანდრეც იყო ჩემთან ერთად. მალე დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო. მართლაც, ისე ვუყვარვარ ამ ბავშვებს და ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ამ ყველაფრის გამო ვერსად ვერ მივყვები ალექსანდრეს. ამ ბავშვებმა უკვე ბევრჯერ გაიარეს დიდი სტრესი დედის გარდაცვალების გამო და მე ვერ მივატოვებ. ალექსანდრეს თავისი მამა ახლავს თავს. დედას მეძახიან, სულ თვალებში მიყურებენ,“ - აღნიშნულ საკითხზე გულიკო ეგნატაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

წყარო:​ „სიკეთე მარტივია“

წაიკითხეთ სრულად