Baby Bag

„ანაფილაქსიის შემთხვევაში დექსამეტაზონი არანაირ ეფექტს არ მოგცემთ,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ დექსამეტაზონის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შუშის შემცველი ამპულები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია. რატომ გვაქვს ჩანთაში დექსამეტაზონი, ზოგ შემთხვევაში არც კი ვიცით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანაფილაქსიაზე, ამის ყველას ძალიან გვეშინია. აქ საუბარია აბსოლუტურად სხვა პრეპარატზე და დექსამეტაზონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აქ ვსაუბრობთ ჩვენ ადრენალინის გამოყენებაზე. ალერგენთან პირველ შეხებაზე, როგორც წესი, არ ვითარდება ასეთი ანაფილაქსიური რეაქცია

იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ანაფილაქსიური რეაქცია ანამნეზში, მათ ყველას უდევთ ე.წ. აუტოინჯექტორები, შპრიცები, რომელშიც ადრენალინი არის ამოღებული. მათ იციან, რომ კონკრეტულ ალერგენთან შეხების შედეგად, შესაძლოა, განუვითარდეთ ანაფილაქსია, ამიტომ მშობელმა ეს თვითონ შეიძლება გამოიყენოს.

რეკომენდაცია, რომ ჩვენ დექსამეტაზონი ასეთ შემთხვევაში გამოვიყენოთ, არ არსებობს. ანაფილაქსიის სამკურნალო პირველი პრეპარატი არის ადრენალინი. ძირითადად ბავშვებში ანაფილაქსია მწერის ნაკბენზეა. საკვებზე ისეთი ძლიერი ანაფილაქსია არ არის, რომ ვერ მიასწრონ ჯანმრთელობის დაცვის პუნქტამდე. თუ არის მწერის ნაკბენი, სასურველია, რომ მწერის ნაკბენიდან 15 სანტიმეტრის ზემოთ ლახტი გადავუჭიროთ ბავშვს. თუ ლახტი არ გვაქვს, ნებისმიერი ქამარი, ან თოკისმაგვარი რამ გადავუჭიროთ. ამ შემთხვევაში ბავშვს თავიდან ავაცილებთ ანაფილაქსიის განვითარებას. დექსამეტაზონი არანაირ ეფექტს არ მოგცემთ.

გადატეხილი დექსამეტაზონის ამპულის გამოყენება ექიმის გარეშე არ შეიძლება. მე მქონია შემთხვევა, რომ ბავშვმა პირიქით, რაღაც დაიზიანოს შუშით. ევროპაში ყველაფერი არის პლასტმასირებულ კონტეინერებში, რომელიც არის უსაფრთხო. თუ ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, დექსამეტაზონი არაფერს არ მოგცემთ, განსაკუთრებით პერორალურად მიღებული. არის სხვა პათოლოგიები, მაგალითად, კრუპი, რომლის დროსაც შეიძლება გამოვიყენოთ დექსამეტაზონი,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს - რა არის გამოსავალი?

,,მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს, ამიტომ ხშირად იხედებიან მათკენ, ყურადღებას ადუნებენ საჭესთან, რაც სახიფათოა'' - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მშობლები საჭესთან ყურადღებას ადუნებენ, ისინი სამგზავრო სავარძელს ამონტაჟებენ მოძრაობის მიმართულების თანახმად, რათა დაინახონ ბავშვი, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვის მოძრაობის მიმართულებით მოთავსება არ არის უსაფრთხო:

,,2 წლამდე ბავშვი უნდა მგზავრობდეს მოძრაობის საპირისპიროდ, რათა დაცული იყოს მისი ხერხემალი, თავი და კისერი. ამ პოზიციაში მგზავრობა 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოძრაობის მიმართულებით მგზავრობა. მგზავრობისას მშობლებს შეუძლიათ, გამოიყენონ უსაფრთხო სარკე, რომელიც უნდა შედგებოდეს სპეციალური, უსაფრთხო მასალისგან, რომელიც შეჯახების დროს ზიანს არ მოუტანს ბავშვს. აუცილებლად იკითხეთ ტესტირებულია თუ არა სარკე, მოითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა დარწმუნდეთ ამაში,'' - აღნიშნა ლანა გიორგიძემ. 

წაიკითხეთ სრულად