Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხველის დროს შეზელვები, ბავშვისთვის თაფლიანი რძის მიცემა არანაირად არ არის ეფექტიანი,“ - პედიატრი თამარ ჩაჩიბაია

„ხველის დროს შეზელვები, ბავშვისთვის თაფლიანი რძის მიცემა არანაირად არ არის ეფექტიანი,“ - პედიატრი თამარ ჩაჩიბაია

პედიატრი თამარ ჩაჩიბაია გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ იმ შეცდომების შესახებ საუბრობს, რომლებსაც მშობლები ბავშვის ხველის მკურნალობისას უშვებენ. თამარ ჩაჩიბაიას თქმით, შინაურული მეთოდების გამოყენება და ექიმის დანიშნულების გარეშე თვითნებური მკურნალობა არ შეიძლება, რადგან ეფექტიანი არ არის:

„სხვადასხვა დაავადების დროს ადამიანები, მით უმეტეს მშობლები, მიმართავენ მკურნალობის შინაურულ მეთოდებს. მათ უნდათ, რომ ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის ყველა ღონე იხმარონ. ძირითადად მიმართავენ ძველ ტრადიციულ მეთოდებს, ბებიებისგან გადმოცემულს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ხველის დროს არის გულ-მკერდზე ცხოველური წარმოშობის საშუალებების, ცხიმის, ქონის შეზელვები თაფლის ნაზავთან ერთად . წარმოიდგინეთ, ეს ჯანმრთელ მდგომარეობაში როგორი დისკომფორტია. ბავშვი შეწუხებული წევს მაღალი ტემპერატურით, ახველებს და პლიუს ეს მდგომარეობა. მეც მქონია ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი დადებითი ეფექტი ხველის დროს შეზელვებს არ აქვს. ფორებს ვახშობთ ამ დროს, კანი არ სუნთქავს, ბავშვი შებოჭილია. ნამდვილად არ აქვს ამას კარგი ეფექტი.“

თამარ ჩაჩიბაია საკუთარი პრაქტიკიდან ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მშობლებმა ბავშვის მკურნალობის არასწორი შინაურული მეთოდი გამოიყენეს:

„მე მქონდა შემთხვევა, მივედი პაციენტთან, რომელსაც ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ბავშვი იყო მთლიანად შეზელილი, ზურგიც კი შეზელილი ჰქონდა, არ მომეცა საშუალება, რომ გამესინჯა ბავშვი. ძალიან მორიდებით ვთხოვე მშობლებს, რომ ბავშვი გაესუფთავებინათ. რა თქმა უნდა, დამიჯერეს. გავსინჯე ბავშვი და დავსვი დიაგნოზი. მივეცი საჭირო რეკომენდაციები. დეტალურად ავუხსენი, რა უნდა გავაკეთოთ, რა არის საჭირო, რომ ბავშვი გამოვიდეს მდგომარეობიდან. მათ, რა თქმა უნდა, მიიღეს ეს რეკომენდაცია. მშობლებმა მითხრეს, რომ არასდროს ამას აღარ გამოიყენებდნენ.“

„თაფლიანი რძეს რაც შეეხება, მას შეიძლება ჰქონდეს რაღაც დადებითი ეფექტი, მაგრამ მშობლებს ჰგონიათ, რომ ის ნახველს გაათხელებს, თუმცა ასე არ არის. შესაძლოა ბრონქიტი არც იყოს ამ დროს. ფრაზა „ყელს ჩაუწმენდს“ არ არის სწორი. ჩვეულებრივი სუფთა თაფლი მივცეთ ბავშვს, თუ ალერგიული რეაქცია არ აქვს, ეს უფრო ეფექტიანია. ცალ-ცალკე მივცეთ ორივე, ცალკე მივცეთ რძე და ცალკე თაფლი. თუ ასე მოვიქცევით, ეს ძალიან ეფექტიანი და სასარგებლო იქნება,“ - აცხადებს თამარ ჩაჩიბაია.

წყარო: ​დილა ფორმულაზე


წაიკითხეთ სრულად