Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსი? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცერებულ ბავშვებს ხშირად უვლინდებათ. თემურ მიქელაძის თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვმა პატარებში მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც სკოლებისა და ბაღების გახსნით არის გამოწვეული:

„ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ბავშვების ინფიცირებამაც მოიმატა. ეს ძირითადად დაკავშირებულია სოციალურ აქტივობებთან. გაიხსნა სკოლები, გაიხსნა სკოლამდელი დაწესებულებები. შესაბამისად, ბავშვების ინფიცირების რიცხვმაც მოიმატა. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ ინფიცირება მოდიოდა უფროსებისგან, მშობლებისგან, ზოგ შემთხვევაში კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისგან. კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევიდან საქართველოში მქონია სამ ან ოთხ ათეულ პაციენტთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის კორონავირუსული ინფექცია. მისთვის დამახასიათებელია ზოგადი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის სიმპტომები. ბაღების გახსნის შემდეგ მოიმატა მომართვიანობამ ცხელების და სხვა რესპირატორული ინფექციების გამოც. საკმაოდ ძნელია დიფერენცირება. შეიძლება ბავშვებში არც კი იყოს ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. შესაძლოა, იყოს მხოლოდ დიარეა, ერთჯერადი ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში ეს საერთოდაც არ იყოს.“

თემურ მიქელაძე მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„მე ვურჩევდი მშობლებს განსაკუთრებით იფრთხილონ, როდესაც ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიჰყავთ. დიფერენცირება იმისა, ეს არის კორონავირუსული, რინოვირუსული თუ სხვა ნაწლავთა ინფექცია ძალიან ძნელია. მომართვიანობა გაიზარდა. დიაგნოზის დასმის შემდეგ გადაიყვან ბავშვს კლინიკაში ან სახლში დატოვებ და უმკურნალებ, თუმცა აქამდე მისვლა ძნელია, რადგან, როგორც ვთქვი, სხვა რესპირაციული ინფექციების გამო მომართვიანობამ ძალიან მოიმატა. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ მათ ბავშვს რაიმე ელემენტარული სიმპტომი (სურდო, ერთეული ხველა) ექნება, მიუხედავად ტემპერატურისა, არ უნდა წაიყვანონ სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. იქ მეტ-ნაკლებად ახდენენ თერმოსკრინინგს, მაგრამ ეს თერმოსკრინინგიც, ჩემი აზრით, არის ფორმალური. იმ პერიოდში, როდესაც თერმოსკრინინგს უკეთებ, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ნორმალური ტემპერატურა.“

„ტემპერატურა ნორმალურად ითვლება 35,7- დან 37,3-მდე. დღის განმავლობაში ტემპერატურა იცვლება. შესაძლოა, დილით იყოს 36, საღამოს ავიდეს 37,3-მდე. ბავშვს, შეიძლება ასეთი ტემპერატურა ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში, ეს ითვლება ნორმად. ამ შემთხვევაში ბავშვს სხვა კლინიკური გამოვლინებები არ უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, სუბფებრილური ტემპერატურა კორონავირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობის ნიშანი იყოს, მაგრამ უსიმპტომოდ მიმდინარე ვირუსის დროს ბავშვებიდან უფროსებზე გადაცემის მექანიზმი საკმაოდ შემცირებულია, ამით გავრცელება არ ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბავშვები ძირითადად მოზრდილებისგან ინფიცირდებიან. მე ბევრი პაციენტი მყავს, რომელიც 37 – 37,3 ტემპერატურას ატარებს. ამ შემთხვევაში ჩვენ გავცემთ ცნობას, ისინი ამ ფორმა 100-ით მიდიან სასწავლო დაწესებულებებში,“ - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.

 ​წყარო

წაიკითხეთ სრულად