Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მითია, რომ სუპინატორი ტერფის ფორმას აყალიბებს ან ცვლის,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ბავშვის ფეხსაცმელში სუპინატორის გამოყენების გავრცელებულ წესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ფეხსაცმლის აუცილებელ ატრიბუტს არ წარმოადგენს:

„სუპინატორის შესახებ მშობლები ხშირად მეკითხებიან. მათ აინტერესებთ, რამდენად აუცილებელია სუპინატორის გამოყენება ბავშვის ფეხსაცმელში. პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ რა არის სუპინატორი. მშობლები ხშირად იყენებენ სიტყვას „სუპინატორი.“ მიუხედავად ამისა, მათ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით. სუპინატორი ფეხსაცმლის შიდა ძირის ასამაღლებლად ან კედლის გასამაგრებლად გამოიყენება.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, მშობლებს სუპინატორებზე არასწორი წარმოდგენა აქვთ, რის გამოც მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ეს ყოველივე კი ფეხსაცმლის მწარმოებლებს სუპინატორების აქტიური წარმოებისკენ უბიძგებს:

„ყველას საიდანღაც აქვს გაგებული, ყველამ იცის, რომ სუპინატორი ფეხსაცმლის განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტია, რის გამოს მწარმოებლები იძულებულები არიან, რომ ფეხსაცმელში სუპინატორი გამოიყენონ. სინამდვილეში ამის რეალური საჭიროება საერთოდ არ არსებობს.“

ევგენი კომაროვსკი ამტკიცებს, რომ სუპინატორი ტერფის ფორმას არ ცვლის და მითია, თითქოს ის ფეხის ფორმის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს:

„მითია, რომ სუპინატორი ტერფის ფორმას აყალიბებს ან ცვლის. ქუდი თავის ფორმას ვერ აყალიბებს, ისევე, როგორც ხელთათმანი არ აყალიბებს ხელის ფორმას. სუპინატორი და ზოგადად ფეხსაცმელი ფეხის ფორმას არ ცვლის.“

​წყარო

წაიკითხეთ სრულად