Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის პიანინოზე დაკვრას?

რა სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის პიანინოზე დაკვრას?

მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა მხოლოდ მუსიკალური უნარების განვითარებისთვის არის საჭირო, თუმცა მათმა უმრავლესობამ არაფერი იცის იმ სარგებელზე, რომლის მოტანაც პიანინოზე დაკვრას ბავშვის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის შეუძლია.

პიანინოზე დაკვრა ართრიტის განვითარების რისკს ამცირებს, რადგან ბავშვის თითები გამუდმებით ვარჯიშდება და აქტიურ მოძრაობაშია. დაკვრა აუმჯობესებს კოორდინაციის უნარს სხეულის სხვადასხვა ნაწილს შორის, რადგან აუცილებელია ხელების თანმიმდევრული მოძრაობა, თვალების ოპტიმალურად გამოყენება და მახვილი სმენა, რათა ბავშვმა მელოდიის ინტერპრეტირება სწორად შეძლოს.

ფორტეპიანოზე რეგულარულად დაკვრა ბავშვის ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებს. დაკვრისას ერთ საათში დაახლოებით 140-150 კალორია იწვება, რის გამოც მას ხშირად ანაერობულ ვარჯიშადაც მოიხსენიებენ.

პიანინოზე დაკვრა ბავშვს მეხსიერებას უვითარებს, რადგან მას მუსიკისა და მისი შესრულებისთვის საჭირო ტექნიკის დასასწავლად კარგი მეხსიერება ესაჭიროება.

ბავშვებს, რომლებიც პიანინოზე უკრავენ, პასუხისმგებლობის გრძნობა მეტად უვითარდებათ, რადგან დისციპლინის გარეშე დაკვრა შეუძლებელია. პიანინოზე დაკვრა ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, რადგან ის სამყაროს ხელოვანის პერსპექტივიდან ხედავს, უფრო მგრძნობიარე ხდება და მისი კოგნიტური უნარების უმჯობესდება.

ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვს მენტალური პრობლემებისგან იცავს, რადგან ტვინი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება.

ბავშვები, რომლებიც პიანინოზე უკრავენ, შიშის დაძლევასა და რისკზე წასვლას სწავლობენ, რადგან მათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და მუსიკალური ნაწარმოებების საკუთარი ინტერპრეტაციების შესრულება ხშირად უხდებათ.

ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რის გამოც ბევრი სპეციალისტი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები ფორტეპიანოს კლასებზე ატარონ.

წყარო:​ youaremom.com

წაიკითხეთ სრულად