Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომები აქვს ანევრიზმას და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? - ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძე

რა სიმპტომები აქვს ანევრიზმას და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? - ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძე

ანგიოქირურგმა გიგი ბრეგაძემ ანევრიზმის სიმპტომებსა და ჯანმრთელობის იმ რისკებზე ისაუბრა, რომელსაც ის ადამიანს უქმნის:

„ანევრიზმის გასკდომის რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომისაა ანევრიზმა. ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი მწეველობა გახლავთ. თამბაქოს მოხმარება ასუსტებს სიხლძარღვების კედელს. მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონე სისხლში, ლიპიდური ცვლის დარღვევა, სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა რისკ-ფაქტორებია. მემკვიდრული რისკ-ფაქტორიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

ანევრიზმა თუ გასკდა, სიკვდილობა 80%-ია, ესეც იმ ქვეყნებში, სადაც ცენტრალიზირებულია სამედიცინო მომსახურება და უკვე მიზანმიმართულად ხვდება ადამიანი კლინიკაში, სადაც ამის მართვა შესაძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ კლინიკაში მოხვდება პაციენტი. ანევრიზმის სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, წელის არეში ტკივილი, ტკივილის ფეხში გადაცემა. ამიტომაც არის, რომ პაციენტები ხვდებიან ან უროლოგთან, ან ნევროლოგთან. მიდის კვლევა ნევროლოგიური პრობლემების. ამ დროს მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი სკრინინგი. ძირითადად ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს ანევრიზმა, რაღაც სხვა დაავადების გამო მისული პაციენტის კვლევისას. ანევრიზმა აწვება წელის არეს ან სხვა ორგანოებს და იწვევს ამ სიმპტომებს.

ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში არის გონების დაკარგვა, ცივი ოფლი, ძლიერი ტკივილი წელის არეში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა სივრცეში გასკდება ანევრიზმა. სადაც აორტაა, იქ ის, რომ ისეთი სისხლდენა ატყდეს, რომ უცებ დაიცალოს ადამიანი, არ არის. ამიტომ წნევის ვარდნის ფონზე შეიძლება მოხდეს პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და პაციენტის გადარჩენისთვის დრო გაჩნდეს. თუ ანევრიზმას კავშირი აქვს ან ნაწლავთან, ან მუცლის ღრუსთან, იქ ისეთი სისხლდენა ატყდება, რომ გადარჩენა, ალბათ, შეუძლებელია,“- მოცემულ საკითხზე გიგი ბრეგაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

წაიკითხეთ სრულად