Baby Bag

ცუდი მადა ბავშვებში - ევგენი კომაროვსკის 10 რეცეპტი პრობლემის მოსაგვარებლად

ცუდი მადა ბავშვებში - ევგენი კომაროვსკის 10 რეცეპტი პრობლემის მოსაგვარებლად

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს ბავშვის უმადობასთან გამკლავების გზებზე საინტერესო რჩევები მისცა:

1. კვების აუცილებლობაზე საუბრები მინიმუმამდე დაიყვანეთ. ეს ისეთივე არაბუნებრივია, როგორც სუნთქვის აუცილებლობაზე საუბარი.

2. არასდროს აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მისი სურვილი ჭამოს ან არ ჭამოს, გააღოს პირი, კარგად დანაყრდეს, თქვენთვის რაიმე მნიშვნელობის მქონეა.

3. კვების იძულება შანტაჟით, ყვირილით, მუქარით ან საჩუქრებით არ შეიძლება. უმადოდ მირთმეულ საკვებს ორგანიზმი სათანადოდ ვერ ითვისებს. როდესაც ბავშვი მშიერი არ არის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საკვების მისაღებად მზად არ არის ( არ არის სათანადო რაოდენობით ფერმენტები, ნაწლავები ბოლომდე არ გათავისუფლებულა წინა კვებაზე მიღებული საკვებისგან, კუჭში მარილმჟავა არასაკმარისი რაოდენობითაა).

4. ბავშვის მხრიდან საკვების მიღების ენთუზიაზმის დაკარგვა, როდესაც ის კოვზის მიწოდებისას თავს აბრუნებს, პირს არ აღებს, ამბობს, რომ საკვების მიღება არ სურს, იმაზე მიგანიშნებთ, რომ გაიღიმოთ და მისთვის საკვების მიწოდება შეწყვიტოთ.

5. მადასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, კვებებს შორის ინტერვალებში ბავშვისთვის რაიმე სახის საკვების მიწოდება შეწყვიტეთ. ბავშვს, რომელმაც საუზმის მირთმევაზე უარი განაცხადა, სადილობამდე საკვები არ შესთავაზოთ.

6. დემოკრატიული მიდგომები ეფექტიანია რაციონის შერჩევისას. ძალიან კარგი იქნება, თუ სამზარეულოში შესვლამდე ბავშვს ჰკითხავთ, როგორი ფაფაა მისთვის სასურველი: შვრიის, სიმინდის, წიწიბურის თუ ბრინჯის? თუ მაგიდაზე ბავშვს მისი სურვილით მომაზებულ ბრინჯის ფაფას დაუდგამთ, ის კი სხვა საკვებს ითხოვს, მის თხოვნაზე დათანხმება პრინციპულად არასწორია. ადამიანის შრომის პატივისცემისა და მადლიერების სწავლა იმ ადამიანისადმი, ვინც საკვები მოამზადა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მადის გაუმჯობესება.

7. ულუფების ზომის შემცირება, საკვებში პროდუქტების კონცენტრაციის შემცირება (პროდუქტებით გადატვირთული წვნიანის ნაცვლად მსუბუქი წვნიანის მომზადება), კვებებს შორის ინტერვალის გაზრდა - ეს მარტივი და ეფექტიანი გზებია მადის გაძლიერებისთვის.

8. მადის გაძლიერებაზე დიდ გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონის შემცირება. მადის დაქვეითების საუკეთესო გზა ბავშვისთვის კანფეტის მიცემაა. დაიცავით წესი, რომ ტკბილეული მხოლოდ დესერტად გამოიყენეთ ძირითადი კვების შემდეგ.

9. ფიზიკური აქტივობა ენერგიის დახარჯვისთვის აუცილებელია. რთულია მადა გქონდეს მაშინ, როდესაც მთელი შენი ცხოვრება სავარძელი, გაჯეტი და თბილი ოთახია.

10. მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ, რომ ბავშვს უბრალოდ არ სურს საკვების მირთმევა, თუმცა მას ეს ფიზიკურად შეუძლია. თუ ბავშვს არ უნდა კვება, საშიში არაფერია. უბრალოდ საკვების მიღების დრო ჯერ არ დამდგარა. თუ ბავშვს კვება არ შეუძლია, ყლაპვისას ტკივილს გრძნობს, უჭირს საკვების დაღეჭვა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება აწუხებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე

„ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის მშვიდად ჩაძინებისა და მისი უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ახლა არის ბავშვის ზურგზე დაწოლის რეკომენდაცია, გვერდზე მობრუნებული თავით. გვერდზე წოლისას ისევ არის საფრთხე, რომ მუცელზე დაწვეს ბავშვი. როდესაც ბავშვი ფხიზელია, რეკომენდაციაა, რომ მუცელზე დავაწვინოთ ბავშვი. სულ ერთ პოზიციაში წოლის დროს თავის ფორმის პრობლემები შეიძლება იყოს. როდესაც ბავშვი არის ფხიზელი, თამაშის დროს, კი ბატონო, დავაწვინოთ მუცელზე.“

„კ​იდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადი. ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც შეხვალთ თუნდაც საავადმყოფოში, პალატაში პაციენტთან, გგონიათ, რომ უნდა დაეცეთ. საერთოდ უჟანგბადო გარემოა. თვლიან, რომ მთავარი არის სითბო, ამის მეტი არაფერი არ სჭირდებათ. ამ დროს ჟანგბადი მისთვის არის აბსოლუტურად აუცილებელი. მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჟანგადის ნაკლებობაც იწვევს აღგზნებას. ამიტომ ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი და ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად