Baby Bag

„ჩვილები დაიღუპნენ ასეთი გელის ძალიან ინტენსიური მოხმარების შემდეგ, ამიტომ FDA არ უწევს რეკომენდაციას კბილების ამოჭრისას მსგავსი გელების გამოყენებას,“- ბავშვთა სტომატოლოგი სოფო სამხარაძე

ბავშვთა სტომატოლოგმა სოფო სამხარაძემ კბილების ამოჭრისას ღრძილების დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებლების შემცველი გელების გამოყენების მიზანშეუწონლობასა და გვერდით ეფექტებზე ისაუბრა:

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე კვებასთან დაკავშირებით უფრო მარტივად ხდება კბილების ამოჭრა. აქვე დავამატებ, ამ პროცესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გელი არსებობდა და იყიდებოდა. უმეტესობა ეს გელები შეიცავს ტკივილგამაყუჩებელს. ინსტრუქციაში მითითებულია, რომ გამოყენება შეიძლებოდა 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ. ამას მშობლები დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას. თითოეულ წამოტირებაზე ხდებოდა აპლიკაცია. ჩვენ ვიცით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან ძალიან აქტიურად იწოვება ნებისმიერი მედიკამენტი. იყო შემთხვევები, როდესაც მაქსიმალურ ტოქსიურ დოზას მიაღწიეს და რიგ შემთხვევებში ძალიან სამწუხარო, სავალალო შედეგებით დასრულდა ასეთი გელების გამოყენება.

ჩვილები დაიღუპნენ ასეთი გელის ძალიან ინტენსიური მოხმარების შემდეგ, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შოირს FDA არ უწევს რეკომენდაციას მსგავსი ტკივილგამაყუჩებლების შემცველი გელების გამოყენებას, რომელიც ეხმარება პატარას კბილების ამოჭრის შემთხვევაში. სჯობს გამოვიყენოთ მოსაქავებელი საშუალებები, რომლის დაჭერასაც თვითონ შეძლებს და გაიადვილებს ამ პროცესს,“- მოცემულ საკითხზე სოფო სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“


შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად