Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა?

​რა არის საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია საშვილოსნოს კვანძოვან მიომაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა? - საშვილოსნოს მიომა არის კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე.

არსებობს:
  • სუბსეროზული მიომა, რომელიც იზრდება საშვილოსნოს გარეთ ზედაპირული კედლიდან,
  • ინტერსტიციული მიომა, რომელიც იზრდება უშუალოდ საშვილოსნოს კედელში (კუნთში),
  • სუბმუკოზური მიომა, რომელიც იზრდება უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში (შიგნით),
  • ინტრალიგამენტური ზრდით - როდესაც მიომა იზრდება იოგებს შორის. 
რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს პაციენტს?

მიომური კვანძები იწვევს შემდეგ ჩივილებს:

  • სისხლდენა საშვილოსნოში, 
  • ტკივილი წელისა და მუცლის ქვედა არეში, 
  • მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა,
  • ყაბზობა,
  • შარდვის გაძნელება ან ხშირი შარდვა,
  • მუცლის ზრდა,
  • უშვილობა. 

რა მეთოდებით ხდება მიომური კვანძის დიაგნოსტირება?

მიომის დიაგნოსტირება შესაძლებელია ექოსკოპიური კვლევითა და გინეკოლოგიური გასინჯვით.

რა სახის მკურნალობას უნდა მივმართოთ მიომური კვანძების არსებობისას?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, თუ მიომური კვანძი მცირე ზომისაა 2-3 სმ-მდე, არ იწვევს არანაირ ჩივილს, ასეთ შემთხვევაში არ მივმართავთ არანაირ მკურნალობას, მხოლოდ ვაკვირდებით დინამიკაში ექოსკოპიურად (კვანძის ზრდა მიმდინარეობს თუ არა). ქალის ასაკიდან გამომდინარე 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ ექოსკოპიური კონტროლი.

რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობას, მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია მიომური კვანძის ზომასა და მდებარეობაზე. არსებობს მკურნალობის შემდეგი სახე: 

  • კონსერვატიული, ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა,
  • ოპერაციული მკურნალობა, რომელიც დამოკიდებულია მიომის ტიპზე, ზომაზე, მდებარეობაზე. 

შესაბამისად არსებობს: ქირურგიული მკურნალობის რამდენიმე სახე, ესენია: 

  • ლაპაროტომიული მიომექტომია (რაც გულისხმობს მუცლის წინა კედლის გაჭრით მხოლოდ კვანძის ამოკვეთას),
  • ლაპაროსკოპიული მიომექტომია (ე.წ. უსისხლო ოპერაცია - ასევე გულისხმობს მუცლის წინა კედელში 0,5 სმ ზომის განაკვეთებით მხოლოდ კვანძის ამოკვეთას).
  • ჰისტერორეზექტოსკოპიული მიომექტომია ( ასევე გულისხმობს კვანძის ამოკვეთას ვაგინალური მიდგომით-ჭრილობის გარეშე),
  • კომბინაციაში 2 ოპერაცია ერთდროულად - ლაპაროტომია + ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია + ჰისტეროსკოპია.( ორგანოს შემანარჩუნებელი 2 ოპერაცია ერთდროულად- მხოლოდ კვანძია ამოკვეთა)
  • ან საშვილოსნოს ექსტირპაცია ( რაც გულისხმობს მთლიანი ორგანოს-საშვილოსნოს ამოკვეთას ), რაც დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჩივილებზე, მიომის ზომასა და მდებარეობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას !

წაიკითხეთ სრულად