Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არაფერია გასაბრაზებელი,“ - ზურაბ მხეიძე

„როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არაფერია გასაბრაზებელი,“ - ზურაბ მხეიძე

​​ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მართვის მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანობა სწორედ აგრესიის მართვაში გამოიხატება:

„აგრესია არის ბუნებრივი მახასიათებელი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ მას სჭირდება აგრესიულობა თავის დაცვის, საკვების მოპოვებისთვის. ადამიანობა გამოიხატება სწორედ ამ აგრესიის მართვაში და არა აგრესიის არქონაში. აგრესიული იმპულსი ორგანიზმს სჭირდება. აგრესიის გაკონტროლება და მართვა შესაძლებელია.“

ზურაბ მხეიძემ ოთხი ყურის პრინციპი განიხილა და აღნიშნა, რომ ადამიანის რეაქცია სხვისი ნათქვამის მოსმენისას იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ყურით უსმენს ის მოსაუბრეს:

​კომუნიკაციაში ოთხი ყურის პრინციპს განვიხილავთ ხოლმე. მოვიყვან მარტივ მაგალითს, თუ რაზე ვსაუბრობ. ეს პრინციპებია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს თქვენი ნათქვამი. ვთქვათ, მე გეუბნებით: „წყალი მომიტანე!“ საქმიანი ყური არის ის, რომ მომიტანთ წყალს. მეორე არის მიმართების ყური. თქვენ ზომავთ ჩემს დამოკიდებულებას თქვენდამი ჩემს ნათქვამში.ამ შემთხვევაში შეიძლება მიპასუხოთ: „წყალი მოგიტანოს ბაბუაშენმა.“ მესამე არის აპელაციის ყური. თქვენ ფიქრობთ, რომ მე მინდა რაღაც გაგაკეთებინოთ. ანგარებიანის შემთხვევაში, შეიძლება მითხრათ, რომ მაშინ შენ ეს გააკეთე.“

„იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მისმენთ, ოთხი სხვადასხვა რეაქცია გაქვთ ერთსა და იმავე ფრაზაზე. როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არც არაფერია გასაბრაზებელი. ამის მართვა შესაძლებელია. შეიძლება გითხრა: წყალი მომიტანე" და მეჩხუბო: „მე რა შენი პატარა ბავშვი ვარ?!“ წარმოიქმნება კონფლიქტი. საქმიანი ყურის მოსმენისას პრობლემა არ არის. ​კონფლიქტების დიდი ნაწილი არის გაუგებრობის შედეგი. მოსაუბრესაც სჭირდება ცოტა მეტი დაფიქრება, როგორ მიაწოდოს მეორე ადამიანს ინფორმაცია, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო: ​„შემდეგი გაჩერება“

წაიკითხეთ სრულად