Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - რა პროდუქტები მივიღოთ?

ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - რა პროდუქტები მივიღოთ?
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი ​MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას. 
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.

​B ჯგუფის ვიტამინები
- საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.

D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.

​კალციუმი
- კალციუმით მდიდარი საკვებია: რძის ნაწარმი, თევზეული,მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული,ნუში, თხილეული, პარკოსნები.

​რკინა
- რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.

​მაგნიუმი
 მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.

​აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!
წაიკითხეთ სრულად