Baby Bag

წონაში კლების ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ წონაში ფრთხილად და ეტაპობრივად კლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ორგანიზმი შრომობს იმისთვის, რომ ერთი წონიდან მეორე წონით კატეგორიაში ფრთხილად გადაინაცვლოს. ეს პროცესი გულისხმობს, რომ საფეხურებრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს წონაში კლება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სასტარტო წონის 10-15%-ის კლებაზე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დრო, რა დროში გვინდა ამ ამოცანის მიღწევა. სულსწრაფობაა, როდესაც ასეთ ამოცანებზე ვსაუბრობთ 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში. მნიშვნელოვანია ასეთი ამოცანების გაწერა ერთწლიან პერსპექტივაზე.

თუ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, ჩვენი სხეულის სასტარტო წონის 10-15% დავიკლოთ 12 თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ გადავთვლით, რამდენი კილოგრამი უნდა დავაკლოთ ჩვენი სხეულის წონას, ამ კილოგრამებს გადავანაწილებთ 12 თვის განმავლობაში. შემდეგ სპეციალურ გრაფიკს მივყვებით, მოვნიშნავთ შესრულებული ამოცანა როგორ გამოიყურება.

წონის კლებაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასეთი ფრთხილი კლება, რომელიც ორგანიზმს ახალ წონასთან შეჩვევისა და შეგუების შესაძლებლობას აძლევს, არის გარკვეული საიდუმლო და წინაპირობა იმისა, რომ წონა შევინარჩუნოთ. თუ ორგანიზმი შეეჩვევა ახალ წონას, ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, რომ უფრო მდგრადად, უფრო მყარად გადაინაცვლოს ახალ წონით კატეგორიაში. ეს არის ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე უკვე ფრთხილად მივდივართ სამიზნე წონისკენ, ნელ-ნელა ვიკლებთ და ამასაც ვანაწილებთ დროში,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ციფრული ჭკუასუსტობა დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან, ტვინი ერთნაირად ზარალდება ორივესგან,“ – ია ბერსენაძე

„ციფრული ჭკუასუსტობა დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან, ტვინი ერთნაირად ზარალდება ორივესგან,“ – ია ბერსენაძე

ტრენერი ია ბერსენაძე ციფრული ჭკუასუსტობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ჭკუასუსტობის პრობლემა კლასიკური ჭკუასუსტობისგან დიდად არ განსხვავდება:

„ციფრული ჭკუასისტობა მანფრედ შპიცერის შემოტანილი ტერმინია. ის, სამწუხაროდ, დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან. გარკვეული ფუნქციების დაკნინება ხდება. დაკნინება შეიძლება მოხდეს საკმაოდ დიდი დოზით. ის ფუნქცია უკვე არის უფუნქციოდ. ​ტვინი რომ ნახოთ ციფრული ჭკუასუსტობისას, ის დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან. ამ ორს შორის ბევრი რამ არის საერთო. ტვინი ერთნაირად ზარალდება ორივესგან.“

ია ბერსენაძის თქმით, ციფრული ჭკუასუსტობა მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც არსებობს:

„ციფრული ჭკუასუსტობა არ არის დიდი ხნის. რამოდენიმე წელია, რაც ეს არსებობს. ​ციფრული ჭკუასუსტობა არ არის მხოლოდ სოციალურ ქსელებთან კავშირში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან დაამძიმა. ადამიანი როდესაც მიჯაჭვულია ტელევიზორს, მუდმივად რაღაცას უყურებს, ინფორმაციის ყლაპვა ხდება გაანალიზების გარეშე, შესაბამისად ტვინის ფუნქცია, რომელიც ანაილიტკაზე, სიტუაციურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, ვეღარ ვითარდება. ტვინს აქვს ხუთი ფუნქცია და ყველა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს ტვინმა.“

ია ბერსენაძე აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელების ზომიერად გამოყენება ნორმალურია, თუმცა ტვინს სწორედ ზომიერების დაცვის პრობლემა აქვს:

„თუ ჩვენ ზომიერად ვუყურებთ ტელევიზორს, ეს ნორმალურია. სოციალურ ქსელს ზომიერად თუ მოვიხმართ, ნორმალურია.​ აქ პრობლემა იმაშია, რომ ტვინს უჭირს ზომიერების დაჭერა. ჩვენ როდესაც ამას ვაკეთებთ, თითქოს ჩვენი ტვინი მუშაობს. ცრუ ილუზია გვექმნება იმის შესახებ, რომ საქმეს ვაკეთებთ. ადამიანს არ შეუძლია იყოს მარტო. ის აუცილებლად უნდა იყოს სოციუმში. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს თავისი სოციუმი. ამ სოციუმში მისი ადგილი უნდა იყოს აღიარებული. მე რომ ჩემი სოციუმიდან გამაგდონ, მე მოვკვდები. სოციალური ქსელის ფილოსოფიაც ამას ემყარება. ფოტოს განათავსებ და თითქოს ამბობ: „მე ვარ, მე მახსოვხართ თქვენ, თქვენ გახსოვართ მე.“

„ბავშვი იბადება ყველაზე დიდი რაოდენობის ნეირონებით, მაგრამ ნეირონული კავშირები არ არის შემდგარი. ამას მერე ვაკეთებთ ნელ-ნელა. ტვინი არის ჩვეულებრივი კუნთი. ჩვენ დავდივართ სავარჯიშო დარბაზში და ვავარჯიშებთ რომელიმე კუნთს. ​ასეთივე კუნთია ტვინი. არ შეიძლება, რომ ის არ ავარჯიშო. მას ხუთი ძირითადი ფუნქცია აქვს. ხუთივე ფუნქცია უნდა იყოს განვითარებული,“ - ია ბარსენაძე აღნიშნულ პრობლემაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „სხვა შუადღე“ საუბრობს.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად