Baby Bag

რა კავშირია ორსულობისას ფოლიუმის მჟავის ჭარბი დოზებით მიღებასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობებს შორის? - მეან-გინეკოლოგ მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ფოლიუმის მჟავის გადაჭარბებული დოზებით მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა:

„ყველაფერი კარგი ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვაძლევს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც ხდება საკვების: ხორბლის, მარცვლეულის ფორტიფიცირება, შესაძლოა, ჭარბი მიღების შედეგად განვითარდეს ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის ზედოზირება. 2016 წელს ბოსტონის კონფერენციაზე ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო მეცნიერების მიერ, რომელიც 18 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ორსულებში, რომლებსაც ორსულობის ბოლოს აღენიშნათ სისხლში ფოლიუმის მჟავის სიჭარბე და B12 ვიტამინის მომატება, იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის პათოლოგიების რისკი.

თუ ორივე ერთად იყო მომატებული, ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი, 17-ჯერ იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის დაავადებათა რისკი. აუტიზმის სპექტრის დაავადებები ყოველწლიურად 4%-ით იზრდება მსოფლიოში. ჩვენ თუ ამას დავუმატებთ უწყინარი ვიტამინების ზედოზირებით განვითარებულ რისკებს, საკმაოდ ცუდ დღეში ჩავცვივდებით. ფარმაცევტული მწარმოებლების მიერ ვიტამინებზე მითითებულია დღიური დოზა. სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თითოეული ორსული, თუ რა პრეპარატს იღებს. ბოსტონის კონფერენციის თავმჯდომარეც გაოცებული დარჩა კვლევის შედეგებით. ასევე აღინიშნა, რომ ფოლიუმის მჟავის არმიღება კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის სწორი დოზა, რომელიც ამ შემთხვევაში არის საჭირო,“ - მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი“ - როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს ზამთარში?

„საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი“ - როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს ზამთარში?

როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე ​MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა. 

- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?

- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.  

- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?

- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.


- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?

საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.

ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად