Baby Bag

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამოვიცნოთ კვერცხი ახალია თუ არა რა წესების დაცვით უნდა გავრეცხოთ?

როგორ ამოვიცნოთ კვერცხი ახალია თუ არა რა წესების დაცვით უნდა გავრეცხოთ?

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ ახალი კვერცხის ამოცნობის წესებსა და მისი შენახვისას აუცილებელ ჰიგიენის წესებზე ისაუბრა:

„როგორ ამოვიცნოთ ახალი კვერცხი? ახალი კვერცხი უნდა იყოს წონადი, არ უნდა იყოს მსუბუქი. მხოლოდ ამით, რა თქმა უნდა, არ ვაფასებთ. გარდა ამისა, კვერცხს ზედაპირი არ უნდა ჰქონდეს ძალიან პრიალა. თუ ზედაპირი ხაოიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დადებულია კვერცხი. შუქზე უნდა გავხედოთ კვერცხს და უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი. მას არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები. ეს იმას ნიშნავს, რომ დაძველებისკენ არის კვერცხი წასული.

ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ფრინველის ფეკალიებით არის დაბინძურებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახლში გავრეცხავთ, მაგრამ მისი გარეცხვა ძალიან საფრთხილოა. ის სრულად დაფარული არ არის, არის ფოროვანი. როდესაც წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ რეცხავენ კვერცხს, ღრუბელსაც იყენებენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი. ცივი წყალი კვერცხის შეკუმშვას იწვევს და ზედაპირზე რაც კი დაბინძურებაა შიგნით ჩაიტანს. კვერცხი უნდა გაირეცხოს ნელ-თბილ წყალში ძალიან დაბალ ნაკადზე.

კვერცხმა მინიმუმ 5 წუთი უნდა იდუღოს. თუ არ გვინდა, რომ კვერცხი დაგვისკდეს, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი 15-20 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად