Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„პირველ რიგში, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს. ბავშვი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი. ის, რაც დღეს დილის მონაცემებია, შედარებით შემცირებულია ჭრილობებიდან გამონაჟონის რაოდენობა, რაც პოზიტიურია. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით გაუარესება არ გვაქვს. სტაბილური მდგომარეობაა გარკვეული გაუმჯობესებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დილით შედგა მორიგი კონსილიუმი. დაისახა დღევანდელი გეგმა. ახლა ძირითადი აქცენტი კეთდება კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, ინფექციის კონტროლზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მოვახერხებთ ამ სტაბილური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ჯერჯერობით რისკები რჩება ძალიან მაღალი.“

„2021 წლის განმავლობაში იაშვილში უბედური შემთხვევის გამო 408 მომართვა იყო. მათ შორის ნახევარზე მეტი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების ფაქტიც. სტატისტიკა არ არის შემცირებისკენ, პირიქით, მატება აღინიშნება. ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა კიდურის ამპუტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ავარიამდე იყო. შემდგომში ძირითადი პრობლემები იქნება სწორედ ამ დაზიანებასთან დაკავშირებული. ჯერ საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. დღევანდელი მდგომარეობა და დადებითი დინამიკა ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად