Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველას გირჩევთ, რომ ტკიპის კბენიდან 2-3 კვირის მანძილზე მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ კვლევა,“- ინფექციონისტი ლია გოლიაძე

„ყველას გირჩევთ, რომ ტკიპის კბენიდან 2-3 კვირის მანძილზე  მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ კვლევა,“- ინფექციონისტი ლია გოლიაძე

ინფექციონისტმა ლია გოლიაძემ ტკიპის ნაკბენით გამოწვეულ დაავადებებსა და მათი პრევენციის გზებზე ისაუბრა:

„ტკიპის ნაკბენი არის ძალიან საყურადღებო რამ. საბედნიეროდ, ყველა ტკიპის ნაკბენით არ გადადის დაავადება, მაგრამ საკმაოდ ხშირად გადადის. ევროპაში ყველა ტკიპის ნაკბენს უტარებენ პროფილატიკურ მკურნალობას დიაგნოზის დასმამდეც კი. მის მიერ განვითარებული დაავადებები საკმაოდ ხშირია და რთულია, რის გამოც ადამიანები თვლიან, რომ სჯობს, მიიღონ ანტიბიოტიკები, ვიდრე ავად გახდნენ. ეს გასაგებიცაა. ჩეხეთში, ავსტრიასა და გერმანიაში ჩატარდა კვლევები და ყველა ტკიპა, რომელიც გამოიკვლიეს, იყო ინფიცირებული. საბედნიეროდ, ჩვენთან ჯერ არ არის ასეთი მდგომარეობა.

ჩვენთან საბედნიეროდ არ ხდება ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ეს უხშირესად არის რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში. ჩვენთანაც არ არის გამორიცხული, რომ ტურისტების მხრიდან მოხდეს ამ დაავადების შემოტანა. ჩვენთან ხშირად გვხვდება ლაიმ-ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ცხელება. ყველაზე საყურადღებო დაავადებები არის ეს, რომელიც შეიძლება ტკიპისგან იყოს გადატანილი. ლაიმ-ბორელიოზი როდესაც რთულდება, კიდურების დაბუჟება ეწყებათ ადამიანებს. აუცილებლად უნდა მიექცეს ამას ყურადღება. ძალიან ხშირად არის ლაიმ-ბორელიოზის გართულება აღმავალი დამბლები.

თბილისში ყველაზე მეტად მომართვიანობა არის ადამიანებისგან, რომლებიც სეირნობენ ლისის მიდამოებში. დღე არ გავა, რომ ადამიანმა აქედან არ მოგვაკითხოს ჩივილით, რომ რაღაცამ მიკბინა. ქალაქგარეთ აგარაკებზე ვინც გადის, ბალახთან კონტაქტის შედეგად შეიძლება ისე აგაცოცდეს ტკიპა, რომ ვერც გაიგო. ტკიპას უყვარს თბილი და ნესტიანი ადგილები და ბალახი. მიწიდან ერთ მეტრზეც შეიძლება აცოცდეს ტკიპა. ტკიპას აქვს ძალიან კარგი ყნოსვა. 8-დან 20 მეტრამდე გრძნობს ადამიანის სუნს. ტკიპები ძალიან ჭკვიანი არსებები არიან. ისინი ბილიკების გასწვრივ არიან დადარაჯებული და ელოდებიან ადამიანებსა და ცხოველებს. ტკიპას ხელით არ უნდა შევეხოთ არავითარ შემთხვევაში. ტკიპა თვითონ არ უნდა მოიგლიჯოთ. თუ სპეციალისტს ვერ მიაკითხავთ, პინცეტით ნაზად უნდა ამოიყვანოთ ტკიპა. არ უნდა მოუჭიროთ ტკიპას. როდესაც უჭერთ, ის კბენს ადამიანს. წყლით ჩამობანა და ზეთში დახრჩობა არ არის სწორი. მაშინ გკბენთ სწორედ ტკიპა. აუცილებლად მივიდეთ სპეციალისტთან. ტკიპის ნაკბენმა იცის გაწითლება. კბენის ადგილას არის პატარა წერტილი და გარშემო თეთრი. დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიდიოდეს. კბენიდან 2-3 კვირის მანძილზე ყველას გირჩევთ, რომ მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ კვლევა, ნახოთ ხომ არ მიდის დაავადების მსუბუქი ფორმა, რომელმაც შეიძლება მერე მძიმე ფორმებამდე მიგვიყვანოს,“- მოცემულ საკითხზე ლია გოლიაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად