Baby Bag

„როდესაც ბავშვს ასეირნებთ, არ მოჰკიდოთ ხელი მაჯაში, მოჰკიდეთ ხელი იდაყვზე... არ აბზრიალოთ ბავშვები ხელებით,“- ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნინო ჭოლოკავა

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ მშობლებს ბავშვის სახსრების დასაცავად საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შეეცადეთ თქვენი მოპყრობა ბავშვისადმი იყოს ისეთი, რომ იდაყვის სახსარი დაცული იყოს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ასეირნებთ, არ მოჰკიდოთ ხელი მაჯაში, მოჰკიდეთ ხელი იდაყვზე. არ აბზრიალოთ ბავშვები ხელებით, არ აბუქნაოთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ ხელი მოვკიდოთ იდაყვის სახსარში.

ასეთივე რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის აყვანისას. არ ავიტაცოთ ბავშვი მაჯის სახსრით. პატარები მამიკოებს რომ შემოასხდებიან, რასაც ე.წ. „აჩუ-აჩუს“ ვეძახით, იმიტომ, რომ ბავშვმა ტანი არ გადაიქნიოს, ხელზე დაქაჩავენ ხოლმე ბავშვს. ესეც არის რისკი.

ყველა სახის მოძრაობა, რომელიც მიმართულია კიდურის გასწვრივ და მოდების ძალა არის სხივ-მაჯის სახსარზე, ეს გამოიწვევს პრობლემას, სხივის თავის ამოვარდნას, რომელიც არის ბავშვებისთვის ძალიან დამახასიათებელი. ეს მტკივნეულია და ეცადეთ, რომ ბავშვი ამ ტკივილს აარიდოთ. ბავშვი იტკიებს მაჯას და მშობელს ჰგონია, რომ პრობლემა არის მაჯაში. რეალურად პრობლემა არის იდაყვის სახსარში. სხივის თავს აქვს სპეციფიკური ფორმა. მასზე არის მყესი, რომელიც ორიდან ოთხ წლამდე არის ცოტა ფართო, ვიდრე მხრის თავი. ცოტა უხეშ მოძრაობაზე მარტივად ამოვარდება. არის ბევრი ბავშვი, ვისაც სჭირდება სამედიცინო ჩარევა. მშობლებს შემიძლია ვუთხრა ერთი კარგი ამბავი: ეს, როგორც წესი, თავისით გაივლის 4 წლის მერე,“- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად