Baby Bag

„მუცლის ტკივილის ჩივილით ბავშვი აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ,“ - ბავშვთა ქირურგი გოგა ბახტაძე

„მუცლის ტკივილის ჩივილით ბავშვი აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ,“ - ბავშვთა ქირურგი გოგა ბახტაძე

ბავშვთა ქირურგმა გოგა ბახტაძემ ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„ქირურგთან საავადმყოფოში ყველაზე ხშირად პატარა პაციენტი შეიძლება მოხვდეს მუცლის ტკივილის ჩივილით. ჩემი აზრით, მსგავსი ჩივილით ბავშვი აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ. მუცლის ტკივილების უმრავლესობა ქირურგიული მიზეზებით გამოწვეული არ არის. 10-დან მხოლოდ 1 პაციენტს შეიძლება აღმოაჩნდეს ქირურგიული მიზეზით გამოწვეული მუცლის ტკივილი. ქირურგიული მიზეზით გამოწვეული მუცლის ტკივილი იმდენად საგანგაშოა და შეიძლება საშიში გართულებები მოჰყვეს დაგვიანების შემთხვევაში, რომ ყველა პაციენტი მუცლის ტკივილით, სასურველია, ინახოს ქირურგის მიერ. მისმა გამოცდილმა თვალმა და ხელმა შეამოწმოს, რომ არ მოხდეს რაღაც, არ გაიპაროს ატიპურად მიმდინარე დაავადება და შემდგომში არ მოჰყვეს რაიმე გართულება.

უმეტეს შემთხვევაში მუცლის ტკივილს ბავშვებში იწვევს კვებისმიერი ინტოქსიკაცია, ნაწლავური კოლიკები, ვირუსული ინფექციები და ა.შ. ეს რაიმე ქირურგიულ ჩარევას შემდგომში, როგორც წესი, არ საჭიროებს.

ზოგჯერ არის ქირურგიული მიზეზით ტკივილი. ყველაზე გავრცელებული ბავშვებში არის მწვავე აპენდიციტი, რომელიც აუცილებელ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. შედარებით იშვიათია დივერტიკულის ანთება ნაწლავზე, რომელიც შეიძლება საშიში გართულება იყოს. ხშირი მიზეზი არის ასევე სხვადასხვა სახის თიაქარი. თიაქარი შეიძლება იყოს საზარდულის, ჭიპის, რომელიც თუ არ ჩაიჭედა, იმ წუთში რაიმე საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ საჭიროებს გეგმიურ ოპერაციულ მკურნალობას.

არის რამოდენიმე სიმპტომი, როდესაც დალოდებას და გადადებას მდგომარეობა არ ექვემდებარება. სასურველია, მშობელმა ბავშვი რაც შეიძლება მალე მიიყვანოს ქირურგთან. როდესაც მუცლის ტკივილს ერთვის სხვა დამატებითი სიმპტომები, ვთქვათ, ბავშვი არის მოთენთილი, მივარდნილი, გამოხატულია უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ტემპერატურის მომატება, იძულებითი მწოლიარე პოზა, ბავშვს უჭირს სიარული, ამ დროს დროულად უნდა მიაკითხონ ქირურგს. ყოფილა შემთხვევები, რომ 3-4 დღე მშობელი ელოდება, რომ იქნებ გაუაროს. შემდეგ მოდის და ჩირქი გავრცელებულია მთელ მუცელში. ეს ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და მკურნალობის პერიოდს,“- მოცემულ საკითხზე გოგა ბახტაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ლაბორატორიის კვირეული „ნიუ ჰოსპიტალსში“ - ფასდაკლება კვლევებზე

ლაბორატორიის კვირეული „ნიუ ჰოსპიტალსში“ - ფასდაკლება კვლევებზე

24-30 აპრილს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ლაბორატორიის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სპეციალური პირობებით სხვადასხვა ლაბორატორიულ თუ სამედიცინო მომსახურებაზე:
  • D ვიტამინის და მიკროელემენტების განსაზღვრა სისხლში 20% ფასდაკლებით
  • რევმატოლოგიური პათოლოგიის კვლევა - ლაბორატორიული ანალიზები და რევმატოლოგის კონსულტაცია 20% ფასდაკლებით
  • ჭარბი წონის კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში - ლაბორატორიული ანალიზები 20% ფასდაკლებით და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია საჩუქრად
  • სრული კარდიოლოგიური კვლევა - ლაბორატორიული ანალიზები 20% ფასდაკლებით და კარდიოლოგის კონსულტაცია საჩუქრად
​MOMSEDU.GE-ს მკითხველის გონივრული არჩევანი დაზუსტებულ ინფორმაციას ემყარება. ამდენად, დავინტერესდით, რა განსაზღვრავს ლაბორატორიის ხარისხს და კითხვით ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელ თამარ თედიაშვილს მივმართეთ:
თამარ თედიაშვილი: „ლაბორატორიული კვლევა არ არის კონკრეტული ქმედება, ესაა თანმიმდევრული ეტაპებისგან შემდგარი პროცესი, რომლის ხარისხს თითოეული ეტაპის შესრულების ზედმიწევნითობა განსაზღვრავს.
ლაბორატორიული პროცესი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს: პრეანალიტიკა, ანალიტიკა და პოსტანალიტიკა.“
პრეანალიტიკის (მასალის მოგროვება) ეტაპზე ხდება:
  • პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ანალიზისთვის მომზადების შესახებ - ზოგიერთ კვლევას სჭირდება განსაკუთრებული პირობების დაცვა, მაგალითად, უზმო რეჟიმი, მედიკამენტის მიღება ან მიღებისგან თავის შეკავება. ამ ინფორმაციას „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს ზედმიწევნით აწვდის.
  • მაღალი ხარისხის ერთჯერადი ვაკუუმ სისტემების გამოყენება - დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან სახარჯ მასალას, ვიყენებთ ვაკუუმირებულ სინჯარებს, სისხლი ვენიდან პირდაპირ დახურულ სისტემაში ხვდება და თვითონ ავსებს სინჯარას გარკვეულ მაჩვენებლამდე. ვაკუუმ სისტემები ამცირებს კოლტის წარმოქმნას და უზრუნველყოფს საანალიზო მასალის სისწორეს.
  • ადამიანური შეცდომის შემცირება შტრიხკოდების საშუალებით - ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ან ხარვეზების ასაცილებლად, ვიყენებთ შიდა ლაბორატორიულ პროგრამას, რომელიც თითოეულ პაციენტსა და ნიმუშს უნიკალურ შტრიხკოდს ანიჭებს. მას ვაკრავთ სინჯარებზე, შემდეგ ეს სინჯარები ხვდება ლაბორატორიაში (ტრანსპორტირება და დამუშავება შესაბამისი წესების დაცვით ხდება) და თავსდება ანალიზატორებში. ანალიზატორი ავტომატურად კითხულობს ბარკოდს და მიღებული მონაცემები ავტომატურად გადააქვს შიდა ლაბორატორიულ სისტემაში.
  • სამედიცინო პერსონალის რეგულარული გადამზადება - ყველა აპარატთან მუშაობას თავისი წესი აქვს, შედეგების ხარისხის უზრუნველსაყოფად გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც მუდმივად ტრენინგდებიან.
ანალიტიკის (ლაბორატორიული ანალიზი) ეტაპზე მნიშვნელოვანია:
  • თანამედროვე აპარატურა - ლაბორატორიული მედიცინა ეს ის სფეროა, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად მუდმივად ვითარდება, ამდენად, თანამედროვე აპარატურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
  • შიდა და გარე ხარისხის კონტროლი (საერთაშორისო აკრედიტაცია RIQAS), ლაბორატორიული სტანდარტების დაცვა;
  • სრული ლაბორატორიული მომსახურება - ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ანალიზის ჩატარება მრავალი კლინიკური განხრით, იქნება ეს ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბიოქიმია, მოლეკულური პისიარ კვლევები, ავტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა თუ სხვა.
პოსტანალიტიკის (შედეგების რეპორტინგი) ეტაპზე მიღებული კვლევის შედეგების შეფასება და პასუხების სწრაფი მიწოდება ხდება.
- მნიშვნელოვანი საკითხია ლაბორატორიული კვლევების ხარისხის კონტროლი, რა მექანიზმით ამოწმებთ მუშაობისა და შედეგების სისწორეს?
თამარ თედიაშვილი: „არსებობს ორი ძირითადი, მკაცრად დაცული სტანდარტი - გარე და შიდა ხარისხის კონტროლი. გარე ხარისხის კონტროლი ყოველთვიურად ტარდება და მას გარე ხარისხის დაცვის საზოგადოება ამოწმებს, ისინი აკეთებენ მონაცემთა ანალიზს და თითოეულ კვლევაზე გვაძლევენ ვარგისიანობის, ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
რაც შეეხება შიდა ხარისხის კონტროლს, ხდება ყოველდღიურად, ხშირად დღეში რამდენჯერმეც, გარკვეული საათობრივი ინტერვალით. სრულდება სპეციალური საკონტროლო ხსნარებით. შედეგად ვიგებთ, რამდენად ხარისხიანად მუშაობს აპარატურა და ის რეაგენტები, რომელთაც ტესტის განსაზღვრისთვის ვიყენებთ და რამდენად ხარისხიანად ვმუშაობთ ჩვენ.
- რა დროში აწვდით კვლევის შედეგებს პაციენტებს?
თამარ თედიაშვილი: „ყველა კვლევას ინდივიდუალური დრო სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობთ როგორც სტაციონარი და როგორც ამბულატორია, ჩვენი მუშაობის რიტმი ძალიან სწრაფია. დრო მინიმუმამდეა შემცირებული აპარატის ავტომატიზაციისა და მიღებული შედეგის ავტომატურად გადაცემის ხარჯზე.“

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ლაბორატორიული მომსახურების მიღება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ბინაზე გამოძახების სერვისიც მოქმედებს.
R.

წაიკითხეთ სრულად