Baby Bag

„მუცლის ტკივილის ჩივილით ბავშვი აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ,“ - ბავშვთა ქირურგი გოგა ბახტაძე

„მუცლის ტკივილის ჩივილით ბავშვი აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ,“ - ბავშვთა ქირურგი გოგა ბახტაძე

ბავშვთა ქირურგმა გოგა ბახტაძემ ბავშვებში მუცლის ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„ქირურგთან საავადმყოფოში ყველაზე ხშირად პატარა პაციენტი შეიძლება მოხვდეს მუცლის ტკივილის ჩივილით. ჩემი აზრით, მსგავსი ჩივილით ბავშვი აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ. მუცლის ტკივილების უმრავლესობა ქირურგიული მიზეზებით გამოწვეული არ არის. 10-დან მხოლოდ 1 პაციენტს შეიძლება აღმოაჩნდეს ქირურგიული მიზეზით გამოწვეული მუცლის ტკივილი. ქირურგიული მიზეზით გამოწვეული მუცლის ტკივილი იმდენად საგანგაშოა და შეიძლება საშიში გართულებები მოჰყვეს დაგვიანების შემთხვევაში, რომ ყველა პაციენტი მუცლის ტკივილით, სასურველია, ინახოს ქირურგის მიერ. მისმა გამოცდილმა თვალმა და ხელმა შეამოწმოს, რომ არ მოხდეს რაღაც, არ გაიპაროს ატიპურად მიმდინარე დაავადება და შემდგომში არ მოჰყვეს რაიმე გართულება.

უმეტეს შემთხვევაში მუცლის ტკივილს ბავშვებში იწვევს კვებისმიერი ინტოქსიკაცია, ნაწლავური კოლიკები, ვირუსული ინფექციები და ა.შ. ეს რაიმე ქირურგიულ ჩარევას შემდგომში, როგორც წესი, არ საჭიროებს.

ზოგჯერ არის ქირურგიული მიზეზით ტკივილი. ყველაზე გავრცელებული ბავშვებში არის მწვავე აპენდიციტი, რომელიც აუცილებელ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. შედარებით იშვიათია დივერტიკულის ანთება ნაწლავზე, რომელიც შეიძლება საშიში გართულება იყოს. ხშირი მიზეზი არის ასევე სხვადასხვა სახის თიაქარი. თიაქარი შეიძლება იყოს საზარდულის, ჭიპის, რომელიც თუ არ ჩაიჭედა, იმ წუთში რაიმე საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ საჭიროებს გეგმიურ ოპერაციულ მკურნალობას.

არის რამოდენიმე სიმპტომი, როდესაც დალოდებას და გადადებას მდგომარეობა არ ექვემდებარება. სასურველია, მშობელმა ბავშვი რაც შეიძლება მალე მიიყვანოს ქირურგთან. როდესაც მუცლის ტკივილს ერთვის სხვა დამატებითი სიმპტომები, ვთქვათ, ბავშვი არის მოთენთილი, მივარდნილი, გამოხატულია უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ტემპერატურის მომატება, იძულებითი მწოლიარე პოზა, ბავშვს უჭირს სიარული, ამ დროს დროულად უნდა მიაკითხონ ქირურგს. ყოფილა შემთხვევები, რომ 3-4 დღე მშობელი ელოდება, რომ იქნებ გაუაროს. შემდეგ მოდის და ჩირქი გავრცელებულია მთელ მუცელში. ეს ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და მკურნალობის პერიოდს,“- მოცემულ საკითხზე გოგა ბახტაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად