Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედისა და მამის აღსარება დაუწერეთ შვილებს, რა არ გვეკუთვნის ეს?!“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

„დედისა და მამის აღსარება დაუწერეთ შვილებს, რა არ გვეკუთვნის ეს?!“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, შვილებთან დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და მოინანიონ:

„თუ თქვენ თავიდანვე ბავშვთან იყავით გულჩახურული, ​ავტორიტარი იყავით, მომთხოვნი იყავით, ამკრძალავი იყავით, ცოტა ხმასაც უწევდით, ბავშვს თქვენი ეშინოდა, დადგა ასაკი და ბავშვმა მიიღო თქვენგან ყველა ის ხატი, რამაც ცხვირწინ ჩაგიკეტათ გული. როდესაც ბავშვი თავის თავში არ შეგვიშვებს ჩვენ, აღზრდა გაგვიჭირდება. დაუწერეთ ბოდიშის წერილი თქვენს შვილს. მე არ მგონია, რომ რაღაც შეცდომები არ გქონდეთ შვილთან დაშვებული.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებმა შვილებს აღსარება უნდა დაუწერონ:

„დედისა და მამის აღსარება დაუწერეთ შვილებს. რა არ გვეკუთვნის ესა? მე პაატას აღსარება დავუწერე, როდესაც 16 წლის გახდა. ვუამბე, როგორ ვზრდიდით, რა შეცდომები დავუშვით, რომ მერე თვითონ დაგვხმარებოდა თავისი თავის აღზრდაში. დაუწერეთ თქვენი აღსარება, რომ ბავშვმა მოგიტევოთ თქვენ.“

„აღსარება უნდა იყოს გულწრფელი. ​თქვენ სიტყვებს დაეძებთ და გულწრფელობას არ დებთ შიგნით. როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ბავშვი ჩაგეკეტებათ. ამრიგად საჭიროა მოთმინება და მოთმინებაში ყველა სიკეთის ქმნა, რომ ბავშვი მიხვდეს, თურმე დედა მისი მეგობარია და არამხოლოდ მბრძანებელ-განმკარგულებელი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად