Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

საუკეთესო ბუნებრივი საშუალებები გაღიზიანებული ბავშვის დასამშვიდებლად

საუკეთესო ბუნებრივი საშუალებები გაღიზიანებული ბავშვის დასამშვიდებლად
ჩვილ ბავშვებსა და სკოლამდელი ასაკის პატარებს საკუთარი ემოციების გაკონტროლება ხშირად უძნელდებათ. როგორც წესი, ისინი მარტივად ღიზიანდებიან და ბრაზს ხმამაღალი ტირილით, ყვირილით ან ისტერიული ქცევით გამოხატავენ. უხასიათობა, შფოთვა და გაღიზიანება ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც ბავშვი ღიზიანდება, მისი შფოთვის მიზეზების დადგენა საკმაოდ რთულია. პატარებს უამრავი რამ შეიძლება აწუხებდეთ. ისინი ბრაზობენ, როდესაც შიათ, როდესაც იღლებიან, ეძინებათ, ეჭვიანობენ ან ვერ იღებენ იმას, რაც სურთ.

უკონტროლო შფოთვა და გაღიზიანება ბავშვებს ძირითადად ჩვილობის ასაკიდან 3 წლამდე აწუხებთ. ბავშვებს საკუთარი ემოციების, განცდებისა და ტკივილის სიტყვებით გამოხატვის უნარი არ აქვთ. ზოგჯერ მეტისმეტი გაღიზიანება შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც შეინიშნება, რაც მათი სოციუმთან ინტეგრაციის პრობლემებით უნდა აიხსნას. შესაძლოა, მოზრდილ ბავშვებს საკუთარი ემოციების ვერბალურად გამოხატვა ისევე უჭირდეთ, როგორც პატარებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის არის ბავშვი, თუ ის მეტისმეტად გაღიზიანებულია და მის დამშვიდებას ვერ ახერხებთ, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას გირჩევთ, რომლებიც თანაბრად სასარგებლოა როგორც მცირეწლოვანი, ისე მოზრდილი ბავშვებისთვისაც.
მცენარეული საშუალებები
პასიფლორა (ვნების ყვავილი) - სედაციური საშუალებაა, რომელიც ბავშვებს შფოთვის შეგრძნების დაძლევაში ეხმარება. ის სპაზმოლიზური ქმედებით გამოირჩევა და უძილობის დამარცხებაც შეუძლია.
გვირილა - განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ღამით მოუსვენრობა და შფოთვა აწუხებთ. ბავშვებს ღამის შიშები ხშირად აქვთ. მათ თვალის დახუჭვა ​აშინებთ, რადგან ფიქრობენ, რომ მათი საწოლის ქვეშ მონსტრი იმალება, რომელიც ძალიან საშიშია. გვირილა ნაწლავური ფლორის მოწესრიგებასაც უწყობს ხელს და პატარებს აირების დაგროვების პრობლემისგანაც იცავს. მისი მიცემა თქვენი შვილისთვის ყოველდღიურად შეგიძლიათ. გვირილას რეგულარული მიღება ბავშვის ნერვულ სისტემას მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს და პატარას გაღიზიანებისგან დაიცავს.
კატაბალახა - საუკეთესო საშუალებაა უკონტროლო ემოციებისა და ხასიათის ხშირი ცვალებადობის წინააღმდეგ. ის ბავშვს ემოციური სტაბილურობის მიღწევაში ეხმარება და რელაქსაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. მას სედაციური მოქმედება ახასიათებს და როგორც წესი, ბავშვებს ბრაზის მართვაში ძალიან ეხმარება.
ვიტამინები და მინერალები
მაგნეზიუმი - აღნიშნული მინერალი ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტ ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს. ის იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ცილის სინთეზს, კუნთების მოქნილობასა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მაგნეზიუმი ორგანიზმში სეროტონინის გამოყოფას ასტიმულირებს. აღნიშნული ჰორმონი კი დადებითი განწყობის შესაქმნელად აუცილებელია.
თუთია - აღნიშნული მინერალი ტვინისა და იმუნური სისტემის სიჯანსაღეზეა პასუხისმგებელი. მისი სათანადო რაოდენობით მიღება ბავშვს ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.
B ვიტამინი - აღნიშნული ვიტამინი ბავშვს დაღლილობისა და თავბრუსხვევის დაძლევაში ეხმარება. ის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს და პატარას განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს.
საკვები პროდუქტები
ბოჭკოთი მდიდარი ხილი - საუკეთესოა განწყობის გასაუმჯობესებლად. მსგავსი ხილი სასარგებლო ანტიოქსიდანტებითაა გაჯერებული. დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი ინსულინის დონის მატებას არ იწვევს, რის გამოც ბავშვისთვის სავსებით უსაფრთხოა და მის განწყობაზე დადებითად აისახება.
შვრია - დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს, რის გამოც პატარას მარტივად არ შივდება და ამის გამო არც განწყობა უფუჭდება. შვრია ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და რელაქსაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად ითვლება.
კვერცხი - განწყობის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საკვები პროდუქტია, რომელიც ამინომჟავა ტიროზინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს უკანასკნელი კი დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ტვინის ფუნქციონირებას ერთიორად აუმჯობესებს.
თევზი - ორაგული, სკუმბრია, სარდინები და სხვა ჯიშის თევზები, რომლებიც დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს, ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს. ომეგა 3-ის დახმარებით ტვინი სიგნალებს მარტივად იღებს და მარტივადვე გასცემს. ის პატარებს კონცენტრაციის გაუმჯობესებაშიც ეხმარება.
ისპანახი - ძალიან მდიდარია თუთიითა და მაგნეზიუმით. ის განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ნერვულ სისტემაზე დადებითად ზემოქმედებს. ისპანახი მდიდარია B ვიტამინითაც, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს ემოციების გაკონტროლებაში ეხმარება.


მომზადებულია ​www.superpharmacy.com-ის მიხედვით

თარგმნა  ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად