Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით სამედიცინო-კარდიოლოგიური კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები განიხილეს. მომხსენებლებმა გულის პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ღონისძიება „ნიუჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, რამაზ ბათავანმა გახსნა, მოხსენებით კი კლინიკის კარდიოლოგიის, კარდიო ქირურგიისა და არითმოლოგიის წამყვანი სპეციალისტები წარდგნენ: ზვიად მათოშვილი
ბესიკ გოგორიშვილი, თამარ ჯანაშია, ლაშა მოსიაშვილი, თამარ ნარმანია და ზაზა კაციტაძე.

„ყოველწლიურად ახალი მეთოდები და რეკომენდაციები შემოდის სამედიცინო პრაქტიკაში, კონფერენციაც თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. ჩვენი გუნდი ფეხდაფეხ მისდევს ევროსკოლასა და მის მიღწევებს, რაც თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ - რამაზ ბათავანი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ჩემი დღევანდელი მოხსენება არითმოლოგიის მიმართულებას ეძღვნებოდა. ძირითადად ორი ასპექტი გამოვყავი, პირველი ეს გახლდათ უეცარი კარდიული სიკვდილი, რომელზეც მთელი კარდიოლოგიური გარდაცვალების ნახევარი მოდის. მაგალითად, ამ მიზეზით აშშ-ში ყოველწლიურად 350 ათასი გარდაცვალება ფიქსირდება, ქართულ სტატისტიკაზე თუ გადმოვიტანთ, ეს ნიშნავს დღეში 12 უეცარ სიკვდილს, რისკებისგან თავის არიდება კი მხოლოდ სწორი დიაგნოსტიკითა და გულში შესაბამისი მოწყობილობების იმპლანტაციითაა შესაძლებელი. რაც შეეხება თემის მეორე ნაწილს, წინაგულთა ფიბრილაციის მართვა გახლდათ, იგივე მოციმციმე არითმია, რომელიც ინსულტების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია - მსოფლიოში ყოველი მეოთხე ინსულტი სწორედ წინაგულთა ფიბრილაციის შედეგია. ამ დაავადებისგან სიკვდილობის შემცირება მხოლოდ დროული აბლაციით შეიძლება, ანუ არითმიის კერების მოწვით ან მოყინვით, რაც პაციენტების დიდ ნაწილს ცხოვრების ჯანმრთელი რიტმით გაგრძელების საშუალებას აძლევს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ არითმიების მართვის თანამედროვე ცენტრი გვაქვს, რომელიც სრულყოფილი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი“- ზვიად მათოშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრის ხელმძღვანელი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი. 

„ნიუ ჰოსპიტალსში“ დიდი ხანია კარდიოქირურგიული განყოფილება არსებობს, რომელიც ოპერაციების სრულ სპექტრს ატარებს. წლების განმავლობაში მრავალი წარმატებული გამოცდილება დაგვიგროვდა და კონფერენციაც ამ წარმატებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარებას ემსახურება.

მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, მოხსენებაში წარვადგინე მომუშავე გულზე ოპერაციის, შუნტირების საკითხი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციების 70% -ს მოიცავს. შუნტირება გაცილებით ამცირებს პაციენტის გართულებას და სწრაფად ახდენს მის რეაბილიტაციას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტს.

საქართველოში კარდიოლოგია და კარდიოქირურგია იმდენად მაღალ საფეხურზეა, შეიძლება ითქვას, რეგიონში ლიდერები ვართ.“ - ზაზა კაციტაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

R. 

წაიკითხეთ სრულად