Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ ვლინდება სინკოპე ე.წ. გულის წასვლა ბავშვებში და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე.

- რა არის სინკოპე და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?
- სინკოპე არის გონების ხანმოკლე კარგვა, ე.წ. გულის წასვლა. მისი საფუძველია თავის ტვინის სისხლ-და/ან ჟანგბადმომარაგების ხანმოკლე დარღვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი ან მოზრდილი ხანმოკლედ კარგავს გონებას. ეს შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, არტერიული წნევის დაქვეითების ფონზე, ან სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის გაუწყლოების შემთხვევაში; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემას და ამის შედეგად დაირღვეს სისხლის ჟანგბადით გაჯერების პროცესი. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს გარემოში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. სინკოპე ხშირად ვითარდება ძლიერი ტკივილის ან ემოციის ფონზე, ფიზიკური და ემოციური გადაღლის შემთხვევაში. ისევე, როგორც არსებობს სხვადასხვა სპეციფიკურ სიტუაციაში განვითარებული სინკოპე - მაგალითად, შარდვის, თმის ვარცხნის, ან კისრის მიდამოს სპეციფიკური გაღიზიანების საფუძველზე; ძალიან საყურადღებოა გულის ნორმალური რითმის დარღვევის ფონზე ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევა და ე.წ. კარდიალური სინკოპე - ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს შექცევადი, თუმცა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშიც. შესაბამისად, სინკოპეს გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შეიძლება სრულიად კეთილსაიმედო, ან საკმარისად საყურადღებო გამოსავალი ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბავშვებში სინკოპეს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი პროგნოზით ხასიათდება და უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობისთვის.
- როგორ ვლინდება სინკოპე ბავშვებში?
- სინკოპეს სიმპტომები მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებში სირთულე შეიძლება შექმნას კომუნიკაციამ. ანუ ასაკთან მიმართებით რამდენად მოახერხებენ ბავშვები თავად აღწერონ საკუთარი შეგრძნებები. მცირე ასაკში ეს უფრო რთულია ხოლმე. სინკოპეს შემთხვევაში, ერთი მხრივ, არის ნიშნები, რომლებსაც მხოლოდ პაციენტი გრძნობს და პარალელურად არის ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნონ გარშემომყოფებმა. ყველაზე ხშირად პაციენტები აღწერენ საერთო სისუსტეს, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება, ეკარგებათ ძალა ფეხებში, შეიძლება ჰქონდეთ კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, შემცივნების, თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების ან აჭრელების განცდა, ხმები თითქოს შორიდან ესმით და ამასობაში კარგავენ გონებას. პაციენტების უმრავლესობა ასწრებს, რომ გვერდით მყოფს სთხოვოს დახმარება, დაიჩივლოს რომ ცუდადაა, მოეჭიდოს რაიმეს, ვიდრე დაეცემა. გარშემომყოფები აღწერენ, რომ პაციენტი გაფითრდა, მოდუნდა და ჩაიკეცა. სიმპტომების ასეთი ეტაპობრივი და ნელი განვითარება არის ერთ-ერთი დამახასიათებელი სინკოპესთვის. პაციენტი თვალდახუჭულია, ფერმკრთალი, მოდუნებული, თუმცა იშვიათად, გამორიცხული არ არის კიდურებში ხანმოკლე დაჭიმვაც, ან ერთეული ბიძგისებრი მოძრაობები, უნებლიე შარდვაც, მათ შორის. ეს ფენომენები არ ცვლის და არ ამძიმებს პროგნოზს. სინკოპე იშვიათად გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. პაციენტი სწრაფად მოდის გონს და შეუძლია აღწეროს გონების დაკარგვამდე განცდილი შეგრძნებები. ხშირად ხდება, რომ გარეგნულად გონდაკარგულ პაციენტს ბუნდოვნად, მაგრამ თურმე ესმოდა გარშემომყოფების ხმები.

​- თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული, როგორ დავეხმაროთ და რას ურჩევთ მშობლებს?
- პირველი რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, სინკოპეს შემთხვევების უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა. ტრავმატიზაციის რისკიც უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გულყრების შემთხვევაში, რადგან ამ დროს გონების კარგვა ხდება ნელ-ნელა და პაციენტი ასწრებს ითხოვოს დახმარება, ან თვითონვე უშველოს თავის თავს, მოეჭიდოს რაიმეს, მოასწროს დაჯდომა ან დაწოლაც. დახმარების მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გვერდულად ან ზურგზე, სწორ და მყარ ზედაპირზე, ხოლო ქვედა კიდურები მოვუთავსოთ შემაღლებულ პოზიციაში. ზურგზე წოლის შემთხვევაში სასურველია, თავი ჰქონდეს გვერდით გადაბრუნებული, რადგან ღებინების რისკი გულყრასთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც არის. აუცილებელია შევუხსნათ მოჭერილი და მჭიდრო ტანისაცმელი, ქამარი და უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. ზრდასრულებსა და მოზარდებში შეიძლება გამოვიყენოთ მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ნიშადური) გონზე მოსვლის დასაჩქარებლად. გონზე მოსვლის შემდეგ არ წამოაყენოთ პაციენტი სწრაფად. დაელოდეთ რომ სრულად აღდგეს ცნობიერება და წამოაჯინეთ ნელ-ნელა. წინააღმდეგ შემთხვევაში გონების კარგვა შეიძლება განმეორდეს. ისევე, როგორც გულყრების შემთხვევაში - დაუშვებელია პაციენტის ჯანჯღარი, თავდაყირა დაკიდება. არ არის საჭირო ენის დაჭერის მცდელობა. ასევე დაუშვებელია გონდაკარგული ადამიანისთვის დასალევად წყლის ან წამლის მიცემა. დაელოდეთ ცნობიერების აღდგენას და უკვე წამომჯდარ ადამიანს შესთავაზეთ წყალი ან წვენი. კარგად დაიმახსოვრეთ ეპიზოდის დროს მიმდინარე მოვლენები, რადგან დიაგნოსტიკის პროცესში ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. ვერცერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის ამ ინფორმაციას და ღირებულებას, სწორი დიაგნოზისთვის.
საკუთარი თავის დახმარება შეუძლიათ თვითონ პაციენტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე არ შეეშინდეთ და დროულად ითხოვონ დახმარება. მაშინვე ჩაიმუხლონ ან დაჯდნენ, თუნდაც იატაკზე. ეფექტურია ხოლმე, როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ჯდება წინ გადახრილი ისე, რომ თავი ჰქონდეს მუხლების დონეზე ან უფრო დაბლა პოზიციაში. ეს პოზიცია განსაკუთრებით კომფორტული და ეფექტურია სიმპტომების პირველივე წამებში და გონების სრულად დაკარგვამდე, მაგალითად, ქუჩაში, ტრანსპორტში, სადაც შეიძლება არ იყოს დაწოლის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დაწყებისთანავე პაციენტი დარჩეს ადგილზე და ისე ითხოვოს დახმარება, ანუ არ დაიწყოს სიარული, რადგან გონების კარგვის შემთხვევაში შეიძლება წაბორძიკდეს და მიიღოს ტრავმა. გონს მოსვლის შემდეგ ეცადოს, რომ დარჩეს ისევ დაწოლილ ან წინ გადახრილ მდგომარეობაში, ვიდრე ბოლომდე კარგად არ იგრძნობს თავს და შემდეგ ნელა გასწორდეს.
- როგორია სინკოპეს მკურნალობა?
- როგორც აღვნიშნეთ, სინკოპე ხანმოკლე ეპიზოდია და სპონტანურად სრულდება დაახლოებით ერთ წუთში. ის შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში, ან განმეორდეს სხვადასხვა ინტერვალით. ასევე, ერთი და იგივე პაციენტის ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მკურნალობა და მართვის პრინციპები განისაზღვრება სწორედ გამომწვევი მიზეზებით. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე საყურადღებოა ე.წ. კარდიალური სინკოპე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკაც და მართვაც კარდიოლოგების მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს. სინკოპეს სხვა ფორმები პროგნოზულად სრულიად კეთილსაიმედოა. მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ განწყობილმა პაციენტებმა დაიცვან გარკვეული წესები, მაგალითად, თავი აარიდონ მაპროვოცირებელ სიტუაციებს, დახუთულ და ცუდად ვენტილირებულ გარემოს, დაიცვან სითხის და საკვების მიღების რეჟიმი, რომ თავიდან აიცილონ გაუწყლოება. ეს ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო სპეციფიკურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს უკვე ექიმი მიაწვდის პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

რამ შეიძლება გამოიწვიოს საფენის მიდამოში კანის დაზიანება და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

რამ შეიძლება გამოიწვიოს საფენის მიდამოში კანის დაზიანება და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

რამ შეიძლება გამოიწვიოს საფენის მიდამოში კანის დაზიანება და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე ესაუბრა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს საფენის მიდამოში კანის დაზიანება?

- ბავშვის კანის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, საფენის ქვეშ კანი ხშირად ზიანდება.

ჩვილებში კანის დაზიანების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ნაწლავთა ხშირი მოქმედება, ანტიობიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი და არარაციონალური გამოყენება;
  • ალერგია უშუალოდ საფენზე ან ბავშვის მოვლის საშუალებებზე (მაგალითად: კრემი, მალამო, დასაბანი საშუალებებები);
  • საფენის არასწორი ზომა;
  • ხელოვნური კვება (რადგან ბუნებრივ კვებასთან შედარებით, ხელოვნურ კვებას ახასიათებს განავლის მაღალი PH);
  • ხახუნი;
  • მაცერაცია და ახალშობილებში განავლის მაღალი ფერმენტული აქტივობა.

საფენში, შარდის და განავლოვანი მასების ერთობლიობით იზრდება ტენიანობა. ეს ცვლის კანის მიკრობიოტას, ასუსტებს კანის ბარიერულ ფუნქციას და იწვევს მისი მთლიანობის დარღვევას, ამის გამო იზრდება სხვადასხვა მიკროორგანიზმების და ქიმიური გამღიზიანებლების შეღწევადობა კანში და იმატებს დაინფიცირების რისკი.

- როგორ მოვუაროთ ჩვილის კანს, რათა პრობლემა ავირიდოთ?

- ბავშვის კანი ძალზედ ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ საჭიროებს სათუთ მოპყრობას. პრევენციისთვის უნდა შეარჩიოთ ისეთი საფენი, რომელიც მაქსიმალურად კარგად იწოვს სისველეს. უნდა შეარჩიოთ საფენის სწორი და ზუსტი ზომები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კანთან ხახუნი და ტენიანობის გაზრდა. არ შეიძლება საფენის ძალიან მჭიდროდ შეკვრა (უჰაერო გარემოში სწრაფად მრავლდებიან ბაქტერიები). საფენი უნდა შევცვალოთ ხშირად, 2-3 საათში ერთხელ, რათა თავიდან ავიცილოთ შარდის და განავლის კანთან შეხების ხანგრძლივობა.

საფენის შეცვლისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ჩაბანას. კანი გავასუფთაოთ ნაზად, თბილი წყლით და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით. მინიმალურად გამოვიყენოთ სველი ხელსახოცები (ალერგიულობის გამო). ჩვილს დაბანის შემდეგ მაშინვე არ ჩავაცვათ საფენი, კანი უნდა გავამშრალოთ გულდასმით და ნაზად, ბუნებრივი ქსოვილით, (სასურველია ბამბის ქსოვილი) შეხებით და არა უხეშად გასმით). ჩვილს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგვიძლია მივაღებინოთ ჰაერის აბაზანები (გვყავდეს უსაფენოდ რამდენიმე წუთით). არ გამოიყენოთ პუდრა, სურნელოვანი დანამატების და სპირტის შემცველი ჰიგიენური საშუალებები. ახალშობილის ტანსაცმელი გარეცხეთ სპეციალურ, საბავშვო ხაზის სარეცხ ფხვნილში და კარგად გაავლეთ. უპირატესობა მივანიჭოთ ჩვილის კვებას დედის რძით (განავლის PH-ის გამო. რა თქმა უნდა, დედის ფსიქო-ემოციური და სომატური მდგომარეობის გათვალისწინებით).

- თუ გაჩნდა გამონაყარი ან სიწითლე, რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

- საფენქვეშა კანის დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია საფენის გამოყენების სიხშირეზე, საფენის ხარისხზე, ბავშვის პირველად ტუალეტსა და ჰიგიენაზე, მოვლის საშუალებების შემცველობაზე და ჩვილის კანის ტიპზე. თუ ახალშობილთან აღინიშნა მცირე სიწითლე და გამონაყარი, პირველ რიგში, უნდა მოვაშოროთ გამომწვევი მიზეზი, შევინარჩუნოთ კანის სიმშრალე და სისუფთავე. ხშირად მივაღებინოთ ჰაერის აბაზანები, გამოვიყენოთ თუთიის შემცველი საფენქვეშა მალამოები. თუ აღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად, კანის დაზიანება პროგრესირებს, სცდება საფენქვეშა არეს, ხდება სისხლმდენი, წყლულოვანი, დაუყოვნებლად უნდა მივმართოთ ნეონატოლოგს/პედიატრს, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობა.

- დამატებით რას ურჩევდით მშობლებს?

- ყველა მშობელი ზრუნავს, რომ შვილს ახალშობილობიდან შეუნარჩუნოს სიმშვიდე და დადებითი ემოციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არის მდგომარეობები როცა ეს ოჯახური იდილია ირღვევა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კანის საფენქვეშა დაზიანების დროს ახალშობილი განიცდის დისკომფორტს, ტკივილს და ჭირვეულობს. თუმცა, ბავშვები არ იზრდებიან ისე, რომ მშობელი ერთხელ მაინც არ დადგეს ამ გამოწვევის წინაშე.

მთავარია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და მაქსიმალურად დავიცვათ წესები, მაგრამ, თუ მაინც დადექით ამ პრობლემის წინაშე, თავი არ დაიდანაშაულოთ, თქვენ ძალიან კარგი დედა ხართ. იმოქმედეთ რაციონალურად, მშვიდად და მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად