Baby Bag

„დღენაკლულ ბავშვებს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ“ - ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელთან

„დღენაკლულ ბავშვებს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ“ - ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელთან
გულის შეძენილმა პათოლოგიებმა და არტერიულმა ჰიპერტენზიამ ბავშვთა ასაკში საგრძნობლად იმატა. პროცესს შეცვლილმა გარემო-პირობებმა, არაჯანსაღმა კვებამ და ფიზიკური აქტივობების ნაკლებობამ შეუწყო ხელი. ამას პოსტკოვიდიც დაერთო და საკითხის ირგვლივ სულ უფრო მეტი კითხვა და ინტერესი გააჩინა.

ამდენად, ​MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ გულის თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელ ​ლიკა კაპანაძეს ეწვია და თემის ირგვლივ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია მოამზადა.
ლიკა კაპანაძე: „გულის შეძენილი პათოლოგიები სხვადასხვაგვარია, ზოგჯერ ის გადატანილი ვირუსული ინფექციის ფონზე ვითარდება. მაგალითად, პერიკარდიტი - როდესაც გულის გარსებს შორის გროვდება ანთებითი სითხე ან მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რაც გულის კუმშვადობის დაქვეითებას იწვევს.
ამ პერიოდში პოსტკოვიდ გართულებებია მოხშირებული - როდესაც გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება ხდება, ამიტომ კოვიდის გადატანის შემდეგ, პედიატრის გადმომისამართებით გულის გამოკვლევას ვატარებთ.
გულის შეძენილი პათოლოგიებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა რევმატულ პროცესს ენიჭება, თუ ბავშვს ქრონიკული ჩირქოვანი კერა აქვს, მისი ადეკვატური და სრულყოფილი მკურნალობა უნდა მოხდეს, ვინაიდან შესაძლოა, რევმატიზმი განვითარდეს და პროცესის შედეგად გულის სარქვლები დაზიანდეს.“
გარდა სტრუქტურული დაზიანებისა, ბავშვთა ასაკში გულის შეძენილი პათოლოგიები შეიძლება არითმიების სახით შეგვხვდეს. რა ტიპის დაავადებაა არითმია და რა იწვევს მას?
ლიკა კაპანაძე: „არითმია გულის რიტმის დარღვევაა, ის შეიძლება გამოიხატოს, როგორც შენელებული გულისცემით, ანუ როდესაც ნორმაზე ნაკლებია პულსი, ასევე პირიქით, აჩქარებული გულისცემით, როდესაც მეტია, ვიდრე დასაშვები ნორმა. გვხვდება შემთხვევები, როდესაც არარეგულარული და არათანაბარია გულისცემა.
არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი არითმიები. შეძენილი შეიძლება იყოს რაიმე ვირუსული ინფექციების ან ძირითადი დაავადებების ფონზე, ან გენეტიკურად იყოს განპირობებული და გარკვეულ ასაკამდე არ გამოვლინდეს. არითმია შეიძლება ტკიპას ნაკბენის ფონზეც განვითარდეს. თუმცა არითმია ბავშვებში ყოველთვის არ არის პათოლოგიური, გარკვეული არითმიები დასაშვებია და არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს, გასამიჯნად კი საჭიროა დამატებითი კვლევები და ექიმის კონსულტაცია.
ახლა ძალიან მომატებულია ჭარბი წონის ფონზე განვითარებული არტერიული ჰიპერტენზია ბავშვებში. თანამედროვე მიდგომით, სამი წლის ასაკიდან დაწყებული ყველა ბავშვს სჭირდება არტერიული წნევის კონტროლი, წელიწადში ერთხელ. დასაშვები ნორმები სპეციალური მანჟეტების გამოყენებით, ბავშვის სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით ისაზღვრება.“
რა არის არტერიული ჰიპერტენზია?
ლიკა კაპანაძე: „არტერიული ჰიპერტენზია არტერიული წნევის მატებაა. არსებობს პირველადი და მეორადი არტერიული ჰიპერტენზია. პირველადია, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია ძირითადი დაავადებაა და სხვა ყველა მიზეზი წნევის მატებისა გამორიცხულია. მეორადი ნიშნავს, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია რაიმე დაავადების ფონზეა განვითარებული, მაგალითად: გულის მანკის, თირკმლის პათოლოგიის, ენდოკრინული პათოლოგიისა თუ სხვა.
გამოვლინებაა თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება. მაგრამ ხშირად პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან კრიტიკულ ციფრებამდე არტერიული წნევის მომატებას ვერ გრძნობენ, ჩარევა კი სწორედ საწყის ეტაპზეა საჭირო.
როგორ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირება ბავშვებში?

​ლიკა კაპანაძე:
„პირველ რიგში, აუცილებლად ხდება წნევის კონტროლი, ტარდება ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ვადგენთ სიმაღლესა და წონას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბავშვებში უკვე გეგმურად ვაკეთებთ ქოლესტერინის განსაზღვრას პირველად 9-11 წლამდე და განმეორებით 17-21 წლის ასაკში.
ასევე ვიკვლევთ, ლიპიდურ პროფილს, იყო თუ არა ოჯახში უეცარი კარდიალური სიკვდილი, იყო თუ არა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ოჯახში 45 წლამდე ასაკში გამოვლენილი, არის თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა დატვირთული დიაბეტის ან არტერიული ჰიპერტენზიის მხრივ.
აღსანიშნავია, რომ დღენაკლულ და დაბადებისას დაბალი წონის მქონე ბავშვებს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.“
როგორ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ბავშვებში?

ლიკა კაპანაძე: „მეორადი ჰიპერტენზიის დროს, პირველ რიგში, ძირითადი დაავადების მკურნალობა და პარალელურად ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების დანიშვნა ხდება. პირველადი არტერიული ჰიპერტენზიისას კი მშობლების ინფორმირებულობითა და ჩართულობით ვიწყებთ ბავშვის ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას. აუცილებელია სწორი კვების რეჟიმი, სუფრის მარილის შეზღუდვა, ნაკლები დროის გატარება კომპიუტერთან და მეტი ფიზიკური აქტივობა (გულის გამოკვლევის შემდეგ, რათა რაიმე სტრუქტურული პათოლოგია გამოირიცხოს).“

R.​