როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„დედისა და მამის აღსარება დაუწერეთ შვილებს, რა არ გვეკუთვნის ეს?!“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, შვილებთან დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და მოინანიონ:
„თუ თქვენ თავიდანვე ბავშვთან იყავით გულჩახურული, ავტორიტარი იყავით, მომთხოვნი იყავით, ამკრძალავი იყავით, ცოტა ხმასაც უწევდით, ბავშვს თქვენი ეშინოდა, დადგა ასაკი და ბავშვმა მიიღო თქვენგან ყველა ის ხატი, რამაც ცხვირწინ ჩაგიკეტათ გული. როდესაც ბავშვი თავის თავში არ შეგვიშვებს ჩვენ, აღზრდა გაგვიჭირდება. დაუწერეთ ბოდიშის წერილი თქვენს შვილს. მე არ მგონია, რომ რაღაც შეცდომები არ გქონდეთ შვილთან დაშვებული.“
შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებმა შვილებს აღსარება უნდა დაუწერონ:
„დედისა და მამის აღსარება დაუწერეთ შვილებს. რა არ გვეკუთვნის ესა? მე პაატას აღსარება დავუწერე, როდესაც 16 წლის გახდა. ვუამბე, როგორ ვზრდიდით, რა შეცდომები დავუშვით, რომ მერე თვითონ დაგვხმარებოდა თავისი თავის აღზრდაში. დაუწერეთ თქვენი აღსარება, რომ ბავშვმა მოგიტევოთ თქვენ.“
„აღსარება უნდა იყოს გულწრფელი. თქვენ სიტყვებს დაეძებთ და გულწრფელობას არ დებთ შიგნით. როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ბავშვი ჩაგეკეტებათ. ამრიგად საჭიროა მოთმინება და მოთმინებაში ყველა სიკეთის ქმნა, რომ ბავშვი მიხვდეს, თურმე დედა მისი მეგობარია და არამხოლოდ მბრძანებელ-განმკარგულებელი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.