როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„თუ მკაცრი მშობელი ჰყავს ბავშვს, შეიძლება ტყუილების თქმა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე
ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ბავშვებში ტყუილის თქმის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებს სიცრუის თქმისკენ ხშირად მშობლები უბიძგებენ:
„ტყუილის თქმა არის რეალობისგან გაქცევის სურვილი. ადამიანებს ბავშვობის პერიოდში სჭირდებათ თითქოს ტყუილები. ძალიან ბევრი ბავშვი იტყუება. 8-9 წლის ასაკში ისინი წყვეტენ უკვე ტყუილების თქმას.“
ნინო კერესელიძის თქმით, მკაცრი მშობლების შვილები ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში იტყუებიან:
„თუ მკაცრი მშობელი ჰყავს ბავშვს, შეიძლება ტყუილების თქმა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არის შემოქმედებითი მორგება უკვე ბავშვის გარესამყაროსთან. თუ ბავშვი იტყუება მცირე ინფორმაციებს, რომ მაქვს სათამაშო და არ აქვს, ეს მძიმე ტყუილი არ არის. შემდეგ უკვე მოდის ტყუილების დამძიმება. თუ მშობელი ამბობს, რომ შენ გარეთ არ გადიხარ ნახევარ საათზე მეტს, შეიძლება ბავშვმა დაიწყოს ტყუილების თქმა სწორედ იმ მიზეზით, რომ ეს დრო გაახანგრძლივოს.“
„მნიშვნელოვანია ვენდოთ საკუთარ შვილს, გამოვხატოთ მის მიმართ გულწრფელი ემოციები. თუ მე გულწრფელი ვარ ყველა სიტუაციაში და რაც უნდა მოხდეს მე მას გავუგებ, ის უკვე გულწრფელად მოდის და მესაუბრება ყველაფერზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნილებაა დაცულობა. თუ ამ მოთხოვნილებას ვუკმაყოფილებთ შვილებს, ისინი ნაკლებად ფანტაზიორობენ. თუ არის ხშირი კონფლიქტი, ხშირი აკრძალვები, თუ მშობელი ხშირად უბრაზდება ბავშვს, უბიძგებს, რომ მეტი ტყუილი თქვას,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო კერესელიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.