როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს,“ - ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი
ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად ოჯახის ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:
„პიროვნების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ოჯახი. ადამიანის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ მშობლები, როგორ ურთიერთობენ მშობლები ბავშვთან ადრეული ასაკიდან. დამოუკიდებლად პიროვნების ჩამოყალიბება სწორედ ადრეული ასაკის დროს იწყება პატარ-პატარა აქტივობებით.“
ლელი ყიფიანის თქმით, ჰიპერმზრუნველობა დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბებას ხელს უშლის:
„აქ მივდივართ ისევ ჰიპერმზრუნველობამდე. მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს. როდესაც მუდმივად დედა ან მამა ზრუნავს, რომ შვილის მაგივრად აკეთოს ყველაფერი, მაგალითად, როდესაც სასკოლო ასაკამდე ბავშვს აჭმევენ მშობლები, ეს ის უნარებია, რაც ბავშვმა თავად უნდა გააკეთოს. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის სიყვარულის მიცემაა, როდესაც მას ყველაფერს გაუკეთებ. ეს უფრო დამაზიანებელი და დამანგრეველია ბავშვისთვის. სადღაც ზღვარი არსებობს. ბავშვს ყველაფერი არ უნდა უსრულდებოდეს. სიყვარული შეიძლება ემოციური ურთიერთობით გამოვხატოთ მასთან.“
„ზრდასრულ ასაკში უკვე ამის შეცვლა არის შეუძლებელი. ეს ხდება მანამდე, ბავშვობის ასაკში. როდესაც ბავშვი არის მოზარდი, მშობელს მუდმივ კონტროლში ჰყავს, შია, ჩაცმა უნდა, განუსაზღვრავენ, რა არის მისთვის საჭირო, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოეწონოს. შესაბამისად უკვე ვიღებთ უუნარო ზრდასრულს. მამაკაცების შემთხვევაში, როდესაც დედა განსაკუთრებით ზრუნავს მუდმივად, როდესაც ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები შვილს გარკვეულ ასაკამდე, მერე ეს მამაკაცებს ურთიერთობებში უქმნის პრობლემებს. როდესაც ხდება ქორწინება, ოჯახი იქმნება, იქ ელიან იმავე დამოკიდებულებას მეორე ნახევრისგან. თუ ასეთი მზრუნველი მეუღლე არ ხვდებათ, იქმნება პრობლემები. ისინი პირად ცხოვრებას ვერ აწყობენ. ჰიპერმზრუნველობას მივყავართ აქამდე,“ - აღნიშნულ საკითხზე ლელი ყიფიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.