როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„თევზს ყიდვამდე უნდა შეუმოწმოთ ლაყუჩები: ლაყუჩი უნდა იყოს სასიამოვნო წითელი ფერის და არა მოვარდისფრო,“ - ლუკა ნაჭყებიას რეკომენდაციები
„მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა, კვების ტექნოლოგმა ლუკა ნაჭყებიამ თევზისა და მწვანილის ყიდვისა და შენახვის სწორი წესების შესახებ ისაუბრა:
„საქართველოში თევზის კარგად მოხმარება არ ვიცით. არის რამდენიმე მარტივი წესი. კანს რომ შეხედავთ, პირველი წესია, უნდა ეტყობოდეს, რომ თითქოს ახლახან ცურავდა. დასუნავ, არა თევზის ინტენსიური არომატი, არამედ წყლის, ზღვის, ოკეანის არომატი უნდა იგრძნოთ, საიდანაც არის თევზი. თევზს უმოწმებთ ლაყუჩებს. ლაყუჩი უნდა იყოს სასიამოვნო წითელი ფერის და არა მოვარდისფრო. კითხვა-პასუხის რეჟიმს ვეძახით ამას. დააწვები თევზს, თუ დრეკადობა არ შეინიშნება და დარჩა ჩაჭყლეტილი, ეს თევზი აღარ გამოიყენო. თევზს თვალები უნდა ჰქონდეს ისეთი, თითქოს ცოცხალი არისო. თვალი უნდა იყოს სავსე, არ უნდა იყოს ჩავარდნილი, არ უნდა ჰქონდეს ბინდი გადაკრული. თქვენი, მომხმარებლის უფლებაა, რომ შეამოწმოთ, რას ყიდულობთ. შეგიძლიათ მაღაზიას მოთხოვოთ ხელთათმანი, რომ შეამოწმოთ პროდუქტი. ამის უფლება გაქვთ, როგორც მომხმარებელს.“
„შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ მწვანილის გარეცხვისას არის ჩალბობა. მწვანილის ჩალბობა არ შეიძლება. გამდინარე წყალი ერთადერთი გამოსავალია. მწვანილის აგებულებას რომ შეხედავთ, მას კიტრზე დიდი ზედაპირის ფართობი აქვს. მის ზედაპირზე ხუთჯერ მეტი ბაქტერია ეტევა, ვიდრე კიტრზე დაეტევა. უსაფრთხოდ რომ იყოთ, 4-5 წუთი მაინც გამდინარე წყალი გამოიყენეთ. ცივი წყალი უნდა გამოიყენოთ და არა თბილი, რომ მწვანილის უჯრედები არ დააზიანოთ. მწვანილს არ ვრეცხავთ, თუ არ ვიყენებთ. ყვავილს ქოთანში ვინახავთ წყალთან ერთად. რატომ არ ვინახავთ მწვანილს ასე? კამამ გინდა დიდი ხანი გაგიძლოს? ჩადე ქოთანში, როგორც ყვავილს ჩადებდი წყალთან ერთად. შემოახვიე მაგიური პლასტიკის პარკი, შეინახე მაცივარში,“- აღნიშნულ საკითხზე ლუკა ნაჭყებიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.