როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე
მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:
„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.
თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.
არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.