როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
შობის ღამის სასწაული - 36 წლის რუსუდან მესხს მეშვიდე საკეისრო კვეთით მეთერთმეტე შვილი შეეძინა
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შობის ღამის სასწაულის შესახებ გვიამბობს. „იმედის კლინიკაში“ უნიკალური საკეისრო კვეთის შედეგად 36 წლის ქალს მეშვიდე საკეისრო კვეთით მეთერთმეტე შვილი შეეძინა:
„შობის ღამის სასწაული! სამშობიარო „იმედის კლინიკაში" უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა!
პატარა დამიანე მესხების ოჯახის მეთერთმეტე შვილია, თუმცა მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით მოევლინა ქვეყანას. 36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 - საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი.
რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა, ხოლო ახალშობილი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად, იმისა, რომ ახალშობილი ორსულობის 36-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს!“ - აღნიშნულია პოსტში.