როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„მშობლები ამბობენ: რაც ფუტკრის რძის მიღება დავიწყეთ, ბავშვები ბაღში არ ცივდებიან,“ - მეფუტკრე ლადო ვარდოსანიძე
მეფუტკრე ლადო ვარდოსანიძემ ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია:
„ყველაზე გამორჩეული პროდუქტი არის ფუტკრის რძე. ეს ზოგადად დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ეს მოთეთრო-მოყვითალო ფერის ბლანტი მასაა. მუშა ფუტკარი და დედა ფუტკარი ერთი და იმავე კვერცხიდან იჩეკება. დედა ფუტკარი ბარტყობიდანვე რძით იკვებება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ასე გრძელდება. მუშა ფუტკარი ბარტყობის პერიოდში მხოლოდ სამი დღე იკვებება რძით. მუშა ფუტკარი აქტიურ სეზონში ცოცხლოს 45 დღე. ზამთარში - 180 დღე. დედა ფუტკარი ცოცხლობს რამოდენიმე წელიწადი. განსხვავება მხოლოდ კვებაშია. გარდა ამისა დედა ფუტკარი ერთია სკაში და მასზეა მთელი სკა დამოკიდებული. ის სეზონზე დღეში დებს 1500-დან 2000-მდე კვერცხს ყოველდღიურად. ეს რამხელა დატვირთვაა მისი ორგანიზმისთვის წარმოიდგინეთ.“
„რძე არის ცილების, ამინომჟავების ნაკრები. მისი მიღებისთანავე იგრძნობა, როგორი ენერგიაა. მშობლები ამბობენ: რაც ფუტკრის რძის მიღება დავიწყეთ, ბავშვები ბაღში არ ცივდებიან. დღეში ნახევარი გრამი უნდა მიიღონ. ეს არის ბუნებრივი, სუფთა პროდუქტი. მასში არანაირი მინარევი არ არის. არის ზუსტად იმ სახით, როგორსაც ფუტკარი გამოყოფს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლადო ვარდოსანიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.