როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„რა ილუზიასაც უნდა ქმნიდეს, რომ ეკრანმა ბავშვს უცხოენოვანი გამოთქმები, ციფრები, ასოები ასწავლა, ეს არის რისკის შემცველი,“ - თამარ ედიბერიძე
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ მცირეწლოვან ბავშვებზე ეკრანთან ურთიერთობის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წლის და ცხრა თვის ასაკში ბავშვის საეკრანო დროის ლიმიტი არის ნული:
„წლის და ცხრა თვისთვის ეკრანთან ურთიერთობის გამოცდილება ადრეა. ეკრანის დროის ლიმიტი ამ დროისთვის არის ნული. ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ ხუთი წუთი ან ათი წუთიც არა! ლიმიტი არის ნული! ეს რისკ-ფაქტორი ცალსახად მოსაშორებელია, მიუხედავად იმისა, რამდენად კომფორტის ილუზიას იძლევა ბავშვის კმაყოფილი და ბედნიერი გამომეტყველება.“
მისი თქმით, ეკრანთან ურთიერთობა ბავშვისთვის რისკის შემცველია:
„რა ილუზიასაც უნდა ქმნიდეს, რომ ეკრანმა ბავშვს უცხოენოვანი გამოთქმები, ციფრები, ასოები ასწავლა, ეს არის რისკის შემცველი. რისკია თუნდაც ის დამატებითი, ჭარბი წონა. ბავშვმა თვითონ იცის, როგორ ჩართოს-გამორთოს კომპიუტერი, გადართოს, იპოვოს, რასაც ეძებს. ესეც ილუზიაა დამოუკიდებლობის. ეს არ არის ის უნარი, რაზეც აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რაც უნდა გვიხაროდეს.“
„საკმაოდ ინტუიციურია ტექნიკა. ის არანაირად არ მოქმედებს დამატებით ინტელექტუალურ უნარებზე. ეკრანთან გატარებული ყველა ზედმეტი წუთი არის უფრო მეტი ზიანის მომტანი, ვიდრე სარგებლის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დისტანცირება მოვახდინოთ ეკრანებთან. ჯანსაღ, ცოცხალ კომუნიკაციას არაფერი სჯობს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.