როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი
როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - აღნიშნულის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი:
ხმის ტემბრის შეცვლა
მყეფავი ხველა
სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა
დებიუტი უხშირესად ერთიდაიგივეა - პატარას ღამით მშვიდობიანად გაისტუმრებთ დასაძინებლად და უეცრად გამთენიისას მას მყეფავი ხველით, სუნთქვის გაძნელებით ეღვიძება. მდგომარეობა იმდენად შემაძრწუნებელი სანახავია, რომ უნებრურად შიში გიპყრობთ.
მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ის ნახველის წარმოქნით და მდგომარეობის გაუმჯობესებით სრულდება. დაავადება შესაძლებელია მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს. მძიმე მიმდინარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან შესაძლებელია ხორხის სრული დახშობა მოჰყვეს ძლიერი შეშუპების ხარჯზე.
რა ვქნათ?
პირველ რიგში, უმთავრესი - არ დაიბნეთ!
დაამშვიდეთ პატარა. ჭირვეულობა, ტირილი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
მოახვიეთ საბანი და პატარა აივანზე გაიყვანეთ. ცივი ჰაერის ზეგავლენით სპაზმური კომპონენტი მოიხსნება და მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესდება.
მიეცით თბილი სითხეები
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა
კრუპის მკურნალობა სტეროიდულ ჰორმონის მიღებას გულისხმობს. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ გადაყლაპული, კუნთში შეყვანილი და ინჰალაციით მიღებული ჰორმონის ეფექტურობა ექვივალენტურია. ამიტომ თუ ინჰალატორი გაქვთ, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ბუდესონიდის ინჰალაცია. ეს მედიკამენტი აფთიაქებში რამდენიმე სავაჭრო დასახელებით იყიდება და შერჩევაც იქვე შეგიძლიათ.
დარწმუნებული ვარ, იმ მშობლებს, ვის პატარასაც კრუპის სინდრომი ერთხელ მაინც დამართია, ინჰლატორიც და საჭირო მედიკამენტიც შინ აქვთ. ექიმის მეთვალყურეობით საშუალო და მძიმე კრუპის დროს ეპინეფრინის ინჰალაციაც ჩატარდება, რაც მდგომარეობას სწრაფად გააუმჯობესებს.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შემდგომი მართვის რეკომენდაციებს პედიატრები მოგცემენ.“