როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბებიებსა და ბაბუებს ურჩია, რომ შვილიშველბს შენიშვნები არ მისცენ და მათში კარგის დანახვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შალვა ამონაშვილის თქმით, ასეთ დროს ბავშვს გულში მაინც აწუხებს ის, რომ ის დაჩაგრეს და მას უსაყვედურეს:
„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს. ვინც შენიშვნას აძლევს შვილიშვილს, თვითონ არის შენიშვნის ღირსი, რომ რატომ აკეთებ ამასო. ბავშვი რაც გამოსდის, იმას აკეთებს. ჩვენ დადებითი ვეძებოთ ბავშვში. იცელქა, რაღაც გაუტყდა, ფეხი წამოკრა, „აი, ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე,“ - თავს გამოიჩენს ბებია და ბაბუა.“
„არ უნდა ეს გაფრთხილებები. ბავშვი არ ფრთხილდება ასეთი შენიშვნებით. ბავშვს გულში რაღაც აწუხებს, ეთანაღრება, რომ შენიშვნებით დამჩაგრესო. არ სჯობს, ერთმანეთს ვუყუროთ სიკეთით. სიკეთე და სილამაზე დავინახოთ და იმას დავემყაროთ. შენიშვნებს რა გამოლევს ჩვენს ცხოვრებაში. იმას თუ გამოვეკიდეთ, წარსულში დავრჩებით, მატარებელი კი წინ მიდის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.