Baby Bag

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა ტუბზე დატანილი ფერების მიხედვით?

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა ტუბზე დატანილი ფერების მიხედვით?

„ზოგიერთ კბილის პასტაში შედის ფტორი, რომლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს გონებრივი ჩამორჩენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს დედის მეშვეობით (თუ დედა ფტორიან პასტას დიდი რაოდენობით იყენებს). ერთი მხრივ, ფტორი აუცილებელია კბილისთვის და მეორე მხრივ, ამ საშიშროების წინაშე გვაყენებს“ - აღნიშნულის შესახებ ჰარვარდის მეცნიერმა ფილიპ გრანდჟანმა გადაცემაში „საიმედო რეკომენდაციები“ განაცხადა. 

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ფტორი შეიძლებოდა დამაზიანებელი ყოფილიყო ორგანიზმისთვის. უახლეს კვლევებში შევაჯამეთ ორსულებისა და ბავშვების მონაცემები. დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში, კერძოდ IQ - ში. ფტორს ძირითადად სასმელი წყლიდან ვიღებთ, თუმცა როცა ამას ემატება კბილის პასტიდან მიღებული ფტორი, უკვე სარისკოა. რა თქმა უნდა, ფტორი კარიესის განვითარებას უშლის ხელს და ის აუცილებელია კბილებისთვის, თუმცა, ძალიან ცოტა რაოდენობით და მხოლოდ კბილების ზედაპირზე (არა ორგანიზმში). ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯაგრისზე დაიტანოთ ძალიან ცოტა კბილის პასტა, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის და გახეხვის შემდეგ სრულად გამოირეცხოთ პირის ღრუდან. ბავშვები კბილის ხეხვის დროს ყლაპავენ კბილის პასტას. კვლევების თანახმად, ასეთი ბავშვების ორგანიზმში ფტორის გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომში ცირკულაციის შედეგად ხვდება ტვინში და იწვევს მის დაზიანებას“ - დასძინა ფილიპ გრანდჟანმა. 

როგორც გადაცემაში აღნიშნეს, აფთიაქებისა და მაღაზიის დახლებზე უამრავი ბრენდის კბილის პასტაა წარმოდგენილი, სხვადასხვა სარეკლამო წარწერა გვიჩენს კითხვას - პირის ღრუს მოვლის როგორ საშუალებებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად და ხომ არ არის რომელიმე პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში?

,,ინტერნეტ სივრცეში გვხვდება უამრავი ვიდეო, სადაც კბილის პასტების ტუბზე დატანილი ფერადი ზოლების მიხედვით, უსაფრთხო და საფრთხის შემცველი პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევას გვასწავლიან. სინამდვილეში ფერად ზოლებს სულ სხვა დანიშნულება აქვს და საერთოდ არ აქვს კავშირი კბილის პასტის შემადგენლობასთან. ეს ნიშნულები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხანაში გაიზომოს თუ რა სიგრძის ტუბი უნდა მოჭრას და შესაბამისად, ის აპარატი, რომელიც ამას აკეთებს ამ ნიშნულით ხვდება რა სიგრძეზე უნდა მოჭრას. მე პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, რომ ამის მიხედვით არასდროს შეარჩიონ კბილის პასტა“ - აღნიშნა ქირურგმა, პარადონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა. 

„ქიმიური კბილის პასტები განსხვავებული შემადგენლობისაა, ამიტომ მათ შეძენამდე რეკომენდებულია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელიც ინდივიდუალურად თქვენი კბილებისა და ღრძილების შესაბამის პროდუქტს შეგირჩევთ. თუ პაციენტს აქვს ღრძილის ანთების მიმართ მიდრეკილება, მისთვის განკუთვნილ კბილის პასტაში უნდა შედიოდეს ან ქლორჰექსიდინი ან ეთერზეთები. ვისაც კარიესის მიმართ აქვს მიდრეკილება, მათ უნდა ჰქონდეთ ფტორირებული კბილის პასტა“ - დასძინა თეა ნაცვლიშვილმა.

ფტორი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საყურადღებო კომპონენტია კბილის პასტების შემადგენლობაში. ის შეძლებისდაგვარად აღადგენს კბილის ემალს, უზრუნველყოფს კბილის მგრძნობელობის შემცირებას, რაც მისი დადებითი მხარეა. მგრძნობელობის გაძლიერებას კი კბილის ცვეთა განაპირობებს, გათხელებული ემალი ვეღარ იცავს კბილის დენტინს, რომელშიც ნერვული დაბოლოებების განშტოებებია და კბილები მარტივად რეაგირებს მჟავეზე, ტკბილზე, ცივსა და ცხელზე. ფტორიანი კბილის პასტა კი ემალის შევსებას უწყობს ხელს. არსებობს გასათვალისწინებელი ფაქტორი - ზედმეტი ფტორი საშიშია ჯანმრთელობისთვის!.

ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელიც პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს და ეფექტურია, როგორც კარიესის, ასევე, ინფექციებისგან თავის დასაცავად. ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, მეცნიერების ნაწილს ტრიკლოზანის მიმართ საეჭვო დამოკიდებულება აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაქტერიების რეზისტენტობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით დადგინდა ტრიკლოზალის უარყოფითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა ადამიანზე, შესაბამისად, მეცნიერებს გადაჭრით უჭირთ იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ტრიკლოზანიანი კბილის პასტები გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კბილის პასტების შემადგენლობის ჩამონათვალშია, მისი აბრაზიულობის, ანუ წმენდის მაჩვენებელი ინდექსია - ეს ინფორმაცია შემადგენლობაში მითითებულია, როგორც RDA – 20, RDA – 30, RDA – 50... რაც უფრო დიდი რიცხვია მითითებული აღნიშნული აბრევიატურის გასწვრივ, მით უფრო ეფექტურად წმენდს და ათეთრებს კბილებს, თუმცა ასეთივე წარმატებით აზიანებს ემალს. ანუ, ციფრები 0-დან 70-მდე დაბალ აბრაზიულობაზე მიუთითებს, საშუალოდ ითვლება 70-დან 100-მდე, 100-ზე ზემოთ კი მაღალი მაჩვენებელია. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ დაბალი აბრაზიულობის მქონე კბილის პასტაზე და გამონაკლის შემთხვევებში ან მაქსიმუმ კვირაში ორჯერ გაიხეხოთ კბილები საშუალო ან მაღალი აბრაზიულობის მქონე კბილის პასტით.

კბილის პასტა, რომელიც წყალში ძალიან ქაფდება - ასეთი კბილის პასტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ - აღნიშნეს გადაცემაში ,,საიმედო რეკომენაციდები. 

წყარო:​ ,,საიმედო რეკომენდაციები''

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას" - დავით ვადაჭკორია

,,ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას" - დავით ვადაჭკორია

,,მშობელს რაც შეეხება, ყოველთვის შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომ ბავშვია, რა მოხდა, ყველა ასე ერთობა, მეც ასე ვიყავი - ეს, სამწუხაროდ, არის ძალიან მძიმე დანაშაული მოზარდის წინაშე - როდესაც სარისკო ქცევას ყურადღების გარეშე ტოვებს მშობელი. ეს შეიძლება, მას მომავალში ყოველთვის ძვირად დაუჯდეს", - ამის შესახებ ნარკოლოგმა, პროფესორმა დავით ვადაჭკორიამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,აქედან გამომდინარე, მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც მოზარდთან გვაქვს საქმე, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან გვაქვს საქმე, ნებისმიერი ზედმეტი დატვირთვა, ნებისმიერი ზედმეტი დარტყმა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს ისეთ ფსიქიკურ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა, წლების განმავლობაში ვერ ვმართოთ და მივიღოთ მძმე შედეგები. 

რა არის ალკოჰოლი, რა ხდება ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში მოზარდთან მიმართებით - ის იწვევს ბედნიერების ჰორმონის ხელოვნურ განლევას, მოზარდს ხდის  მიდრეკილს დეპრესიული აშლილობების მიმართ. ალკოჰოლი და დეპრესია ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დღეს მსოფლიო მოსახლეობის 7-8 %, განსაკუთრებით, კორონაინფექციის შემდეგ, იტანჯება დეპრესიით. ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას, ორგანიზმი კი უფრო ხშირად გვთხოვს ალკოჰოლის მიღებას, რათა ბალანსი შევავსოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ დარტყმებს ვაყენებთ ისეთ ცენტრებს, რომლებმაც შესაძლოა, შემდგომ პერიოდში სერიოზული პრობლემები შეუქმნას ახალგაზრდას", - აღნიშნა ვადაჭკორიამ.

წყარო: ,,​პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად