უნდა დაისახოს თუ არა მშობელმა მიზნად, ჩაერიოს შვილის სიმაღლეში ზრდის პროცესში და არის თუ არა გამართლებული ამ მხრივ აქცენტირება - ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, ეკა კვარაცხელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სტუმრობისას ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, ეს თემა ბოლო წლებში, სხვადასხვა გარემო ფაქტორიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
"ეს თემა ყოველთვის იყო აქტუალური და ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდა. მშობლის მხრიდან გამართლებული და სწორია, როცა ის კონცენტრირდება ბავშვის სიმაღლეზე. ეს იმიტომ, რომ ფიზიკური განვითარება, მათ შორის, სიმაღლეში ზრდის პროცესი არის ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობა აისახება მის სიმაღლეში ზრდის პროცესზეც.
ამ შემთხვევაში,უპირატესი ზეგავლენა, რაც მოზარდს მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდევს, გახლავთ, რა თქმა უნდა, გენეტიკა. ასევე, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კვების ფაქტორი. დაბადების შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გრძელდება, რაც ისევ და ისევ გენეტიკისა და კვების ფაქტორის უპირატესი ზეგავლენით მიმდინარეობს. უკვე ორი წლიდან შემდგო პერიოდში იწყება ჰორმონული ფაქტორების უპირატესი ზეგავლენა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე. არის პრობლემები, რომლებიც ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე უკვე არსებობს და შესაძლოა მათი ამოცნობა მუცლადყოფნის პერიოდშივე, მათ შორის, საკითხის, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ასევე, არსებობს მდგომარეობები, რომლებიც შედარებით მოგვიანებით, ბავშვის განვითარების ნებისმიერ ასაკში შეიძლება, გამოჩნდეს, რომელიც მის ზრდა-განვითარებაზე მოახდენს ზეგავლენას. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყურადღების გამახვილება და, რაც მთავარია, პედიატრთან მუდმივი მონიტორინგი მშობლის უპირველესი ამოცანაა. პედიატრები ახდენენ სწორედ, მათ შორის, ფიზიკური ზრდა-განვითარების მონიტორინგს და როგორც კი რაიმე სასიგნალო ნიშანი ჩნდება, ის უკვე ამისამართებს სხვადასხვა სპეციალისტთან, მათ შორის, ენდოკრინოლოგთანაც" - აღნიშნავს ეკა კვარაცხელია.
წყარო: „პირადი ექიმი მარი მალაზონია“