Baby Bag

,,ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი" - მზიკო დალაქიშვილი

,,ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი" -  მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა, მზიკო დალაქიშვილმა გადაცემაში ,,იმედის დღე" ერთ-ერთ პრობლემურ საკითხზე ისაუბრა - რას განიცდის ბავშვი, როდესაც მას მშობელი უყვირის და როგორ უნდა მოიქცეს დედა თუ მამა, რომ ბავშვს აარიდოს ის ტრავმები, რაც ყვირილს, მძაფრს აგრესიას ახლავს.

,,ერთი წამით რომ გავიხსენოთ, როგორი შეგრძნებაა ყვირილი, თუნდაც არ იყოს ის შენკენ მიმართული - ეს ნამდვილად საშინელებაა. ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც კი ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი. ეს აისახება არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ - მომავალზეც, ანუ ტოვებს კვალს და შესაძლოა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს თემა უკავშირდება ტრავმას, ტრავმულ გამოცდილებას და შესაძლოა, ბავშვისთვის გადაიზარდოს მუდმივ დეპრესიაში, ანუ ბავშვი აღარ იყოს ადეკვატური სხვადასხვა მოვლენის მიმართ - ჩაიკეტოს, გამოავლინოს დაბალი თვითშეფასება, აღარ იყოს აქტიური, მეგობრებთან აღარ იყოს თამამი და მუდმივად ელოდებოდეს საფრთხეს.

როდესაც ბავშვს ვეუბნებით ერთხელ და მას არ ესმის, ყოველთვის დავსვათ შეკითხვა - იქნებ, ვერ ვეუბნები ისე, რომ მისთვის იყოს გასაგები? მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ ბავშვი უყურებს ტელევიზორს, მას არ აქვს უნარი, ერთდროულად ორი რამ აკეთოს - თან უყუროს და თან უსმინოს. მას უბრალოდ არ შეუძლია, ორად გახლიჩოს ყურადღება. რას ვაკეთებთ ამ დროს - მივდივართ მასთან ახლოს და ვამყარებთ ჯანსაღ კონტაქტს. ვუახლოვდებით, მივდივართ მის სამყაროსთან  და ვცდილობთ, რომ მოვნახოთ შესაბამისი მდგომარეობა. ჯერ უნდა აღგვიქვას, რომ იქ ვართ და შემდგომ დავიწყოთ საუბარი. უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი კონტაქტზეა გამოსული. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი იმიტომ უყურებს ტელევიზორს დიდხანს, რომ მას არ აქვს კონტაქტი უფროსებთან, მშობლებთან.

ბავშვებს სიჯიუტე ახასიათებთ. ესეც ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ - არა ყვირილს. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მძიმე ტონი შეცვალოთ ასე -

ძალიან არ მინდა, მაგრამ მგონი ვბრაზდები. ძალიან დიდი სხვაობა არ უნდა იყოს მშვიდ ტონსა და შეყვირებას შორის. უნდა დაფიქსირდეს, რომ მშობელთან მიდის ემოცია და ნელ-ნელა მდგომარეობა მძაფრდება, ყვირილის გარეშე", - ამბობს მზიკო დალაქიშვილი.


წყარო: ,​,იმედის დღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

ვაქცინაში ვირუსები გვხვდება, რომლებიც ორგანიზმს აზიანებს - 10 ყველაზე ცნობილი მითი გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ

ვაქცინაში ვირუსები გვხვდება, რომლებიც ორგანიზმს აზიანებს - 10 ყველაზე ცნობილი მითი გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ

ადამიანების ვაქცინებისადმი უნდობლობა მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენს სტატიაში გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით 10 ყველაზე ცნობილ მითს გაგაცნობთ, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ.

1. ბევრი მშობელი ბავშვს ვაქცინაციას არ უტარებს, მაგრამ ბავშვი მაინც არ ავადმყოფობს

ბავშვები, რომლებსაც გეგმიური აცრები არ უტარდებათ, შესაძლოა, მართლაც ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი კოლექტიური იმუნიტეტის დამსახურებაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ყალიბდება, თუ მოსახლეობის 95 პროცენტი ვაქცინაციას იტარებს. რაც უფრო ცოტა ადამიანი იკეთებს გეგმიურ აცრებს, მით უფრო სუსტდება კოლექტიური იმუნიტეტი, რის შედეგადაც ინფექციურ დაავადებათა რიცხვი მნიშვნელოვნად მატულობს.

2. ვაქცინა ინფექციისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ

გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. როგორც წესი, ვაქცინის უმოქმედობა ხშირად მშობლების მხრიდან რევაქცინაციის საჭიროებაზე თვალის დახუჭვაა. მაშინაც კი, როდესაც ბავშვს აუცილებელი განმეორებითი გეგმიური აცრა არ უტარდება და მას ინფექციური დაავადების გადატანა უხდება, ის ყველაფერს გაცილებით მარტივად გადაიტანს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებიათ. ისეთი ინფექცია, როგორიც წითელაა, აცრილ ბავშვებში აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

3. ვაქცინაში ბავშვის ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებები შედის, მაგ. ვერცხლისწყალი, რის გამოც გეგმიური აცრები პატარების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და აუტიზმს იწვევს

ვაქცინის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებები ნამდვილად შედის, რომლებიც მის შენახვას და სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ზოგიერთ მათგანში ვერცხლისწყალი ნამდვილად გვხვდება, თუმცა იმდენად მიზერული რაოდენობით, რომ ბავშვის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. ყოველდღიურად ჰაერის სუნთქვის, საკვებისა და კოსმეტიკის გამოყენებისას ჩვენს ორგანიზმში გაცილებით დიდი დოზით ვერცხლისწყალი ხვდება, ვიდრე ვაქცინაშია. გავრცელებული მითის თანახმად ვაქცინა აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც შეცდომაა. გეგმიურ აცრებს აუტიზმის განვითარებასთან კავშირი არ აქვს.

4. გეგმიური აცრები იმუნურ სისტემას ტვირთავს და იმუნიტეტს აქვეითებს

იმუნური სისტემა მით უფრო ეფექტიანად მუშაობს, რაც უფრო დატვირთულია. შესაბამისად, ის ნებისმიერ უცხო სხეულზე აქტიურად რეაგირებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვაქცინაა, თუ ვირუსი. თუმცა ვაქცინის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბრძოლა იმუნური სისტემის გამარჯვებით დასრულდება.

5. ვაქცინაში ვირუსები გვხვდება, რომლებიც ორგანიზმს აზიანებს

ვაქცინებში მკვდარი ვირუსები ან მათი ნაწილები ნამდვილად გვხვდება. მხოლოდ ცალკეულ ვაქცინებში გვხვდება ცოცხალი, მაგრამ მნიშვნელოვნად დასუსტებული ვირუსები. მაგ. ჩუტყვავილას ვაქცინა მცირედ გამონაყარს იწვევს, თუმცა ეს მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვაქცინა მუშაობს და ბავშვს ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტი უყალიბდება.

6. ორგანიზმი ვირუსს უფრო ძლიერად გაუმკლავდება, თუ ვაქცინას მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინფექციაზე ჩავატარებთ და არა რამდენიმეზე

იმუნური სისტემა ერთბაშად 10 000 ანტიგენს უმკლავდება. თანამედროვე ვაქცინები სულ ცოტა 200 ანტიგენს მაინც შეიცავს და იმუნურ სისტემას მასთან გამკლავება არ უჭირს.

7. არ შეიძლება, რომ ვაქცინაცია ერთ წლამდე ასაკის ბავშვს ჩაუტარდეს, რადგან ჯერ მისი ორგანიზმი უნდა მოძლიერდეს

ახალშობილს იმუნიტეტი დედისგან გადაეცემა, თუმცა ის 3 თვიდან ამ იმუნიტეტს კარგავს, რის გამოც აუცილებელია, რომ ბავშვს გეგმიური აცრა სამშობიაროში ყოფნის დროს, მისი ცხოვრების პირველ დღეებშივე ჩაუტარდეს. ამ გზით ჩვილის იმუნიტეტი ფორმირებას დაიწყებს და ბავშვი დაცული იქნება.

8. გრიპის აცრის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან გრიპის ვირუსი სხვადასხვა შტამი არსებობს, ვაქცინა კი ბავშვს მხოლოდ რამდენიმესგან იცავს

გრიპის ვირუსების ბევრი შტამი არსებობს, მაგრამ ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ვირუსების შტამებს ადგენს, რომლებიც უახლოეს მომავალში ცირკულაციას დაიწყებს. გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად იცვლება და ის ვირუსის აქტუალური შტამების მიხედვით მზადდება. გრიპის ვირუსი ზოგჯერ მუტაციას განიცდის და ვაქცინა მისგან სრულად ვერ გვიცავს, მაგრამ ის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ეხმარება.

9. ქრონიკული დაავადებების მქონე და ალერგიულ ბავშვებს ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ

ქრონიკული დაავადებების მქონე და ალერგიულ ბავშვებს გეგმიური აცრები აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ. მათი ორგანიზმი და იმუნური სისტემა სუსტია, შესაბამისად, ის ინფექციებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. მთავარია, რომ ვაქცინაცია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით ჩატარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ.

10. მოსახლეობა ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირებული არ არის და მათ სიმართლეს არ ეუბნებიან

ადამიანები ვაქცინაციის შემდგომ ბავშვის შეუძლოდ ყოფნას და უგუნებობას ვაქცინის გვერდით ეფექტს მიაწერენ, რაც შეცდომაა. ტემპერატურის მატება და სისუსტე ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა მისთვის უცხო აგენტზე. ვაქცინა მძიმე ალერგიულ რეაქციას იშვიათად იწვევს, მსგავში რამ მილიონიდან ერთ ბავშვს შეიძლება დაემართოს. ვაქცინებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამუდმებით აკვირდებიან და გვერდითი მოვლენის აღმოჩენისთანავე მის მოხმარებას წყვეტენ.

მომზადებულია​ Snob.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად