რას ნიშნავს ენურეზი, რა იწვევს მას და, ბავშვების შემთხვევაში, როდიდან ხდება საჭირო სამედიცინო ჩარევა - ამის შესახებ საუბრობს თსსუ-ის პროფესორი, ყარამან ფაღავა.
,,ექვსი წლის ასაკში ბავშვების დაახლოებით ათ პროცენტს აქვს ენურეზი, შარდის შეუკავებლობა. ეს გახლავთ ერთ-ერთ ყველაზე ხშირი დაავადება, ის განაპირობებს ფსიქოლოგიურ სტრესს. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადება შესაძლოა, ნიშანი იყოს სხვა, კიდევ უფრო მძიმე დაავადებების. ათი წლის ბავშვებში ეს დაავადება 7 პროცენტს აღენიშნება, 14 წლის ასაკში - დაახლოებით, სამ პროცენტს. შემდეგაც, მოზრდილობაში მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტს აღენიშნება ენურეზი.
რა განაპირობებს შარდის შეუკავებლობას - როდესაც ჩვენ ამ დაავადების მქონე პაციენტი შეგვხვდება, აუცილებლად, პირველ ყოვლისა, უნდა გავრკვიოთ, რა უდევს ამას საფუძვლად. მოზრდილებსა და ბავშვებში მიზეზი სხვადასხვაა. ქალებში ძალიან ხშირია, განსაკუთრებით - მენოპაუზის შემდგომ. როდესაც ადამიანს ეს დაავადება აქვს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ნერვული სისტემის დაზიანების შედეგი, ასევე, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ინფექცია, სიმსივნეები, მძიმე ენდოკრინული დაავადებები, უშაქრო დიაბეტი - თითოეული მათგან იწვევს შარდის შეუკავებლობას, ძირითადად, მოზრდილობის ასაკში.
ბავშვების ასაკში ცოტა სხვანაირად არის - აქ ჩვენ გვაქვს 2 ძირითადი მომენტი. პირველი, რომ ეს მოდის ტვინიდან და მეორე - ეს არის შარდის ბუშტის არასრულფასოვანი განვითარება. ზოგჯერ ასეთ ბავშვებს ძალიან ღრმად სძინავთ - ისე, რომ მოშარდავს კიდეც და აგრძელებს ძილს. ეს ნიშნავს, რომ ტვინი ჯერ მოუმწიფებელია. შეიძლება, იყოს გენეტიკური ფაქტორი.
სამი წლის შემდეგ, ჯანსაღი ბავშვი აკონტროლებს შარდის ბუშტს, 5 წლამდე კიდევ არის იმედი, მაგრამ თუ ხუთი წლის შემდეგ ბავშვი ვეღარ აკონტროლებს შარდის ბუშტს, ეს უკვე არის მომენტი დიაგნოზის დასასმელადაც და მკურნალობის ჩასატარებლადაც.
კიდევ ერთი მიზეზია, რომ ენურეზია გამოიწვია თავის ტვინის გარკვეულმა ინფექციამ. იშვიათად, საქმე გვაქვს ე.წ. ღამის ეპილეფსიასთან, გონებრივი ჩამორჩენა, ჰორმონალური დეფექტები... კიდევ ერთი მიზეზია, თქვენ წარმოიდგინეთ, ეჭვიანობა - როდესაც ოჯახს მეორე ბავშვი შეეძინა და მთელი ყურადღება მისკენ გადავიდა. ამიტომაც, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ბავშვისთვის ეს ძალიან დიდი სტრესია და აქ დიდი როლი აქვთ მამებს. ოჯახში ყოველგვარი სტრესი იწვევს ასევე ბავშვში შარდის შეუკავებლობას - ვეცადოთ, ბავშვის წინაშე ნუ გავარკვევთ ურთიერთობებს. არის კიდევ სხვადასხვა მიზეზი.
ენურეზი, ძირითადად, არის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია და იგულისხმება ფსიქოლოგიური ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და შარდის ბუშტის პათოლოგია", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.
წყარო: ,,პედიატრიული ფაკულტეტი"