Baby Bag

„​ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე ისაა, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი არც არსად წასულა“ - მაია ბუწაშვილი

„​ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე ისაა, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი არც არსად წასულა“ - მაია ბუწაშვილი

„​ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე ისაა, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. 

„გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპები.

ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზი ისმევა (ეს ტესტი განასხვავებს A და B ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები.
გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ, დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.
მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ - „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში, ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ, დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).
მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ პერიოდის გმირები მარტო ეპიდემიოლოგები და ექიმები კი არა, ბავშვებთან ერთად ჩაკეტილი მშობლებიც არიან“

„ამ პერიოდის გმირები მარტო ეპიდემიოლოგები და ექიმები კი არა, ბავშვებთან ერთად ჩაკეტილი მშობლებიც არიან“

„ჩემი აზრით, ამ პერიოდის გმირები მარტო ეპიდემიოლოგები და ექიმები კი არა, ბავშვებთან ერთად ჩაკეტილი მშობლებიც არიან, განსაკუთრებით პატარა ბინაში ჩაკეტილები, რადგან:

● ძალიან რთულია მუდმივად, მშვიდად გაუძლონ უკმაყოფილო ბავშვების ზუზუნს და ყოველ ჯერზე მშვიდად აუხსნან, რატომ ხდება ასე, თანაც აუხსნან ისე, რომ თან დაამშვიდონ და თანაც აგრძნობინონ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს დღეს თითოეულ ადამიანს, ისე, რომ მათ ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე გაიარონ ეს რთული პერიოდი.

● ძალიან რთულია გაანაწილონ კომპიუტერის გამოყენების საათები ისე, რომ ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს დაესწრნონ და მშობლებმაც მოასწრონ სამუშაო და ონლაინ ჩართვები.

 ძალიან რთულია მშვიდად უსმინონ და არ გაღიზიანდნენ უზარმაზარ, აბიბინებულ ეზოიან სახლებში ჩაკეტილი ადამიანების მოწოდებებს 'დარჩი სახლში', რომლებსაც ისეთი პირობები აქვთ, იქიდან არც მოგინდება გამოსვლა და რომლებიც ძალიან გაღიზიანებულები ტუქსავენ ყველას, ვინც გაბედავს და გარეთ ცხვირს გამოყოფს.

● ძალიან რთულია მოახერხონ, რომ პატარა, უაივნო ბინაში გამოკეტილი ბავშვები სულ ცოტა ხნით მაინც გამოიყვანონ ჰაერზე, რაც მათი ჯანმრთელობისთვის ასეთი აუცილებელია, თან ამოწმონ, რომ იქ ხალხი არ იყოს, რომ ბავშვები არ შევიდნენ სხვა ბავშვებთან კონტაქტში, რადგან ეს მართლა საშიშია, რომ ბავშვებს ხშირად დაუმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც ძლივს იშოვეს და სახლში როგორც კი შემოიყვანენ, სასწრაფოდ დაბანონ ხელები და სასწრაფოდ გამოუცვალონ ტანსაცმელი, თან როცა რამდენიმე ბავშვი ჰყავთ.

● ძალიან რთულია ამ ბავშვებისთვის ადეკვატური კვება უზრუნველყონ, რადგან ბევრს ხელფასი შეუმცირდა და პროდუქტების ყიდვაც გართულდა.

მართლა გმირები არიან ყველაფერ ამის და კიდევ ბევრი სხვა დეტალის გამო, რაც მხოლოდ მათ იციან. და ამ გმირებმა კიდევ უნდა გაუძლონ რაღაც პერიოდი და მერე ყველაფერი კარგად იქნება.“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.


წაიკითხეთ სრულად