Baby Bag

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

რა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - შვილი სახლში გამოკეტოს თუ პირიქით, არ მოარიდოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს - ამის შესახებ ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

​,,დედები ყოველთვის ჩივიან, რომ მათი შვილები ხშირად ავადობენ. საჭიროა ახსნა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, დღესდღეობით, პირველ ადგილზე არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. ასე არ არის, რომ ახლა ჩაივლის და დამთავრდება. ის გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდეც და მის შემდეგაც ცირკულირებს. ასე რომ, ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და მისი უფროსი წევრები არ ავადდებიან, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. გარკვეულწილად, ეს არის სახადი ინფექცია. ამ შტამს ერთხელ გადაიტანს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს. ვირუსებს რა ახასიათებს - დროთა განმავლობაში მოდიფიცირება. ახლა რომ ყველამ გადაიტანა და იმუნიტეტი გამოიმუშავა, ისევ უნდა მოხდეს მისი ცირკულირება. მას ერთი მიზანი აქვს - გამრავლდეს  გარემოში და მუდმივად იარსებოს. მოდიფიცირებული ვირუსი უკვე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვს. ამიტომ, ის არ უნდა ჩავკეტოთ - ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც უნდა იაროს, რომ შეხვდეს ვირუსი და გადაიტანოს. სოციალიზაცია, პლუს, ნიშნავს იმ მიკრობების, ვირუსების ცოდნასა და შესაბამისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რაც გარემოში კონკრეტულ ეტაპზე არსებობს", - აღნიშნავს ინფექციონისტი.

წყარო: ,,​დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაც მთავარია,თვითნებურად არ მიიღოთ ანტიობიოტიკები" - ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა

,,რაც მთავარია,თვითნებურად არ მიიღოთ ანტიობიოტიკები" - ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა

,,ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ იმ რიცხვებს, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად, გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული, გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს რიცხვი იყო 16%, ორი კვირის შემდგომ ეს მაჩვენებელი უკვე 27 პროცენტი გახდა", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

,,ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ბავშვების შემთხვევაში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა, ჭირვეულობა - ყველაფერი ეს მიუთითებს სწორედ  გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ - ექიმის მიერაც მართული", - აღნიშნავს ჩხაიძე.

როგორც ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საუბრობს, აცრილ ადამიანებში გრიპის ვირუსი გაცილებით ნაკლები გართულებით მიმდინარეობს.

,,ფიგურირებს ყველაზე მეტად გრიპის ვირუსი. აცრილ ადამიანებში შედარებით ნაკლებად ახასიათებს გართულებები, აუცრელ ნაწილში გართულებული შემთხვევა უფრო მეტია. მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით. ზოგჯერ ადამიანს საერთოდ არ აქვთ სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომი. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, გახანგრძლივდეს ტემპერატურა 7-8 დღემდე. ასევე, დამახასიათებელია ძლიერი საერთო სისუსტე. მეორე ასეთი ვირუსი, რომელიც ხშირად გვხვდება, არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი - ის იწვევს ხოლმე ბრონქების დაზიანებას, განსაკუთრებით - მცირე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა - რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევებს ან ხანგრძლივდება ერთ კვირაზე მეტხანს, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას. რაც მთავარია,თვითნებურად არ მიიღოთ ანტიობიოტიკები", - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად