Baby Bag

რა დროს არის შესაძლებელი, ქალმა ვერ გაიგოს საკუთარი ორსულობის შესახებ?

რა დროს არის შესაძლებელი, ქალმა ვერ გაიგოს საკუთარი ორსულობის შესახებ?

შესაძლებელია თუ არა, ქალი იყოს ორსულად და მან ამის შესახებ არ იცოდეს? - საკითხის შესახებ ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, მანანა მგალობლიშვილმა ,,იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

,,დიახ, შესაძლებელია, ქალმა ვერ გაიგოს, რომ არის ორსულად. მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ორჯერ - ერთი იყო თბილისში და მეორე - ზუგდიდში. ჩემთან მოვიდა ქალი, რომელმაც არ იცოდა ორსულობის შესახებ, იყო 8 თვის. შეაწუხა სიმძიმემ, მუცლის ტკივილმა. გავუკეთეთ ექოსკოპია და ველოდით ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ნორმალური, ჯანმრთელი, 8 თვის ბავშვი დაგვხვდებოდა. მეორე შემთხვევას რაც შეეხება - უბრალოდ, ქალს ჰქონდა ციკლის გადაცდენები თვეობით, ამიტომ ვერ მიხვდა. ამასთან, ჰქონდა უშვილობა, დაახლოებით 3-4 წლის მანძილზე და ამ პრობლემის გამო მოგვმართა სწორედ. ისიც 8 თვის ორსული იყო.

ჩემს ბავშვობაში გამიგია ,,ფსიქოლოგიური ორსულობა", რაც ნიშნავს, რომ ქალს იმდენად უნდა - იყოს ორსულად, რომ მუცელიც კი ეზრდება. ადრე, ექოსკოპია რომ არ არსებობდა, ქალები ჩვეულებრივ მიდიოდნენ 9 თვემდე. ხვდებოდნენ იმით, რომ ციკლი უწყებოდათ. 

არსებობს ობიექტური მიზეზები იმისა,  ქალი ვერ მიხვდეს, რომ ის არის ორსულად. მაგალითად, ქალებმა, რომლებსაც ისედაც აქვთ თვეობით ციკლის გადაცდენები, იციან  ამ პრობლემის შესახებ და ფიქრობენ, რომ არის მორიგი გადაცდენა. გარდა ამისა, ვისაც ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება - მოიმატა წონაში და მიაჩნია, რომ მუცელიც წონაში მატების გამო გაეზარდა. როდესაც 20 კვირის ვადაზე მუცელში ბავშვი გამოძრავდება, ქალისთვის ესეც კი არ არის უტყუარი ნიშანი ორსულობისა - შესაძლოა, ის მაინც ვერ მიხვდეს. ძალიან ბევრი სუბიექტური შეგრძნებაა, რომელიც შეიძლება, ორსულს ჰქონდეს. გამორიცხულია, ორსულობის დროს ქალს ჰქონდეს მენსტრუაცია, მაგრამ არსებობს სისხლდენის შემთხვევები", - განმარტავს მანანა მგალობლიშვილი.

წყარო: ,​,იმედის დღე"


შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

მეან-გინეკოლოგმა თიკო გოთუამ საქართველოში საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისრო კვეთასთან შედარებით უპირატესობები აქვს:

„შედარებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ფ​იზიოლოგიური მშობიარობა სჯობს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ნაყოფი თვითონ არის ჩართული თავის დაბადებაში, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, როდის მოევლინოს ქვეყნიერებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობას ერთი-ორი დღე აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, საკეისრო კვეთას - უფრო ხანგრძლივი. გართულებები საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დიდი და სავალალოა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს.“

„ჩვენთან ძნელია ზღვარი გაავლო, სად არის ფიზიოლოგია და პათოლოგია. საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ჩვენებით. სამწუხაროდ, მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამას ისიც ემატება, რომ საკეისრო კვეთის ჩარევის ჩვენებები გაიზარდა. ამას ემატება ქალის იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია. პირველი იანვრიდან კიდევ მკაცრდება საკეისრო კვეთის ჩარევებთან მიმართებაში სახელმწიფოსგან წესები,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკო გოთუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად