Baby Bag

​რა იწვევს ბავშვებში სტომატიტს და როგორ ვუმკურნალოთ?

​რა იწვევს ბავშვებში სტომატიტს და როგორ ვუმკურნალოთ?

რა იწვევს ბავშვებში სტომატიტს და როგორ ვუმკურნალოთ? - ამ თემებზე MomsEdu.ge- ს ესაუბრა ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი-თერაპევტი/პირის ღრუს ქირურგი გვანცა ბაიდაშვილი.

რა არის სტომატიტი?

- სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების ზოგადი სახელია და მასში მოიაზრება 500 - ზე მეტი დაავადება, რომელთაც სხვადასხვა ეტიოლოგია (გამომწვევი მიზეზი), მიმდინარეობა და მკურნალობის ტიპი აქვს.

- რა არის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?

გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სისტემური დაავადება, რომელიც პირის ღრუში გამოვლინდა ერთ-ერთი სიმპტომის სახით ან ლოკალური, როცა მხოლოდ პირის ღრუში იჩენს თავს სხვადასხვა მორფოლოგიური ელემენტით.

- სტომატიტის სახეობებზე რომ ვისაუბროთ.

- როგორც ვახსენე, სტომატიტი 500 - ზე მეტი დაავადების კრებითი სახელია და ყველაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, ბავშვებში ყველაზე ხშირია ტრავმული სტომატიტი, რომელსაც უმეტესად სათამაშოთი ან მყარ საგანზე დაცემის დროს იღებენ და რამდენიმე დღეში ალაგდება. ასევე, დამწვრობით გამოწვეული, თუნდაც ცხელი საკვებით, რომელიც მალევე გადადის, იმ შემთხვევაში თუ რეგულარულად არ იღებს ბავშვი ცხელ საკვებს.

ალერგიული სტომატიტი შესაძლოა რომელიმე პრეპარატით ან კოსმეტიკით გამოვლინდეს და მხოლოდ გამომწვევი მიზეზის დადგენით და მოხსნით იკურნება. ვირუსული სტომატიტიც ხშირია ბავშვებში, რაც სისტემური ვირუსის მიმდინარეობის დროს ვლინდება.

- როგორ მივხვდეთ რომ ბავშვს სტომატიტი აქვს და რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში?

- ოჯახის წევრების მიერ სტომატიტზე ეჭვის მიტანა მარტივია. პირის ღრუს ლორწოვანზე ვლინდება მოწითალო ან მოთეთრო ანთებითი ელემენტი, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული ან ხელს უშლიდეს კვებასა და საუბარში. სახლის პირობებში მკურნალობა, ექიმის გარეშე, არ შეიძლება, რადგან დიაგნოზის დასმას საჭიროებს, რაც მშობლის პრეროგატივა არაა და შესაძლოა, გართულება გამოიწვიოს.

- როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

- ეჭვის არსებობისას მივმართავთ ექიმს, აღვუწერთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას, რათა დავეხმაროთ მას სწორი მიმართულებით წარიმართოს დიაგნოსტიკა და შესაბამისად, მკურნალობაც. მკურნალობა შეიძლება იყოს პერორალური პრეპარატებით და ადგილობრივად გამოსაყენებელი სავლებებით ან გელებით.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად