Baby Bag

სეზონური გრიპის ვირუსი - პრევენცია, მოქმედების ტაქტიკა

სეზონური გრიპის ვირუსი - პრევენცია, მოქმედების ტაქტიკა

„გრიპი არის რესპირაციული დაავადება, რომელიც გამოწვეულია A და B ტიპის ვირუსით. სეზონური გრიპი მთელს მსოფლიოში და ასევე, ჩვენს ქვეყანაშიც, უმეტესად, გავრცელებულია ზამთრის პერიოდში“ - „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრი, ნინო ჭითანავა.

სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, MomsEdu.ge-ს ნინო ჭითანავა ესაუბრა. 

  • რა სიმპტომებით ხასიათდება სეზონური გრიპი და როგორ ხდება მისი გავრცელება?

ნინო ჭითანავა: „გრიპი ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, შემცივნება, ცხელება. ჩვილებში შეიძლება მეტად გამოხატული იყოს ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ - დიარეა, ღებინება. გრიპისგავრცელება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ დაავადებული ადამიანის ხველის და ცემინების დროს შეიძლება დაინფიცირდეს ჯანმრთელი ადამიანი. ამიტომ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და დაავადების შემთხვევაში ინფიცირებულთან კონტაქტის შეზღუდვა“.

  • როგორია გრიპის კონტაგიოზურობა, ანუ როდისაა გადამდები პაციენტი?

ნინო ჭითანავა: „ძირითადად, პაციენტი გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან 3-4 დღემდე, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში გრიპის კონტაგიოზურობა შესაძლოა 7 დღემდეც გაგრძელდეს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გადამდებად შეიძლება ჩაითვალოს პაციენტი სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრეც.

  • რომელია გრიპის მძიმე მიმდინარეობისთვის რისკის ჯგუფები ბავშვებში?

ნინო ჭითანავა: „ბავშვები <5 წლის, განსაკუთრებით კი<2 წლის ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან გართულებებისთვის რისკის ჯგუფებს,<6 თვემდე ასაკის პაციენტებში ყველაზე მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი;

რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან ასევე ბავშვთა სახლებში და სპეციალური მოვლის დაწესებულებებში მყოფი ბავშვები,ქრონიკულიდაავადებების მქონეები - მაგ ასთმა, დიაბეტი, ნევროლოგიური პრობლემებისმქონე პაციენტები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემის მქონე ბავშვები,სისხლის და სისხლმბადი სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვები მაგ ნაგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონეები, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების მქონე ბავშვები; ისინი, ვისაც აქვთ თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები, დაბალი იმუნიტეტი,ხანგრძლივად ჰორმონოთერაპიაზე მყოფი ბავშვები, ჭარბი წონის პოპულაცია.

  • ხშირად გაციება და სეზონური ვირუსი ერთმანეთში გვერევა. როგორ განვასხვაოთ?

ნინო ჭითანავა: „ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, რადგან ბევრი ადამიანი გაციებას ვერ აღიქვამს, როგორც ინფექციას და თვლიან თითქოს არ არის გადამდები. გრიპს იწვევს გრიპის ვირუსი, ხოლო გაციებას იწვევს სხვა რესპირაციული ვირუსები. ანუ, გაციებაც ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ასევე გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს.

განმასხვავებელ ნიშნებზე რომ ვისაუბროთ, გრიპი უფრო მძიმე მიმდინარეობისაა, უცებ იწყება, თან ახლავს მაღალი ცხელება, შემცივნება, სახსრების ტკივილი. ხოლო, გაციების დროს ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ერთეული ხველა, ზოგადი სისუსტე, ყელის ტკივილი ან მხოლოდ ცხვირით სუნთქვის გაძნელება. მხოლოდ კლინიკური ნიშნებით გარჩევა ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელი. სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტების შეგვიძლია დავადგინოთ დაავადება გრიპია თუ სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული“.

  • რა გართულებების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს სეზონურმა გრიპმა?

ნინო ჭითანავა: „გრიპი თავისი მიმდინარეობით თვითლიმიტირებადი დაავადებაა. პაციენტი თავისით განიკურნება რამდენიმე დღეში და ძირითადად მხოლოდ სიმპტომური დახმარება ესაჭიროება. არსებობს გრიპის გართულების და ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც, გრიპი შესაძლოა გართულდეს: ყურის ანთებით, ტონზილიტით, პნევმონიით, ქრონიკული დაავადების პროგრესირებით, ლარინგოტრაქეიტი, ბრონქიტით, თანდართული ბაქტერიული ინფექციებით.

ყველაზე მთავარია განვასხვაოთ, არის თუ არა გართულება ბაქტერიული ხასიათის, ვინაიდან მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაშია საჭირო ანტიბიოტიკის ჩართვა, სხვა შემთხვევაში, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს გრიპი, ადამიანს ანტიბიოტიკის მიღების საჭიროება არ აქვს. ანტიბიოტიკის არასწორად გამოყენება ძალიან აზიანებს ორგანიზმს“.

  • როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისაგან სახლის პირობებში და როდის მივმართოთ ექიმს?

ნინო ჭითანავა: „უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ვმართოთ ტემპერატურა, ვიყოთ იზოლაციაში კლინიკური ნიშნების გაჩენისთანავე. აუცილებელია პირბადეების გამოყენება, ხელების ხშირად დაბანა, ოთახის ხშირად განიავება, თავის არიდება თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან; ხველის, ცემინების დროს პირზე ხელის აფარება ვირუსების რესპირატორული გზით თავიდან ასაცილებლად;

დაინფიცირების შემთხვევაში მოწოდებულია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა მდგომარეობის მიხედვით ბინაზე- ანტიპირეტული პრეპარატები, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, სითხეებით დატვირთვა; მდგომარეობის და ასაკის, გართულებების არსებობის გათვალისწინებით შესაძლებელია საჭიროა გახდეს სპეციალური ანტივირუსული პრეპარატების ჩართვა მკურნალობაში.

ვინაიდან გრიპი არის ვირუსული ინფექცია, როგორც ყველა ვირუსული ინფექცია, არც ის არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას თუ არაა რამე გართულება;

თუ ბავშვს აღენიშნება ცხელება, რომელიც არ ემორჩილება ანტიპირეტულ დახმარებას, ანუ არ იწევს დაბლა, აქვს ხველა შეტევითი, სუნთქვის გაძნელება, ღებინება ხშირი დიარეა ან რამე ქრონიკული დაავადება,არ იღებს სითხეებს ადეკვატურად, შეამცირა შარდვა და არის მივარდნილი, მოთენთილი, საჭიროების კლინიკაში მიმართვას.

ხანს და არ ემორჩილება დამწევს, არის ხველა, სუნთქვის გართულება, მაშინ, სასურველია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიმართოთ კლინიკას. თუ არ არის მძიმე სიტუაცია, გეგმიურად უნდა მიმართოთ პედიატრს.

ამ პერიოდშიც გავრცელებულია სეზონისთვის დამახასიათებელი გრიპის ინფექციები. რაიმე განსაკუთრებული მომართვიანობა ან გართულება არ ფიქსირდება. პედიატრები მაქსიმალურად ჩართულები ვართ პაციენტების მართვაში, როგორც ამბულატორიულ პირობებში, ასევე, მძიმე შემთხვევებში“.

R. 

ცერებრული სინუსის თრომბოზის უფასო კონსულტაციის შესაძლებლობა „ნიუ ჰოსპიტალსში“
მათ, ვისაც ცერებრული სინუსის თრომბოზი აქვს დიაგნოსტირებული, შესაძლებლობა ეძლევა უფასო კონსულტაცია გაიაროს ქეთევან მიქელაძესთან. ჩაწერა ხდება წინასწარ.MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგ, ნეიროინტ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი დედა შვილს აავადმყოფებს პანიკური აშლილობით, ბავშვი განწირულია ამისთვის,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიზე

„ასეთი დედა შვილს აავადმყოფებს  პანიკური აშლილობით, ბავშვი განწირულია ამისთვის,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიზე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მშობლებს ურჩია თავი შეიკავონ ბავშვის გამო გადაჭარბებულ შფოთვაზე, რათა შვილის ფსიქიკას ზიანი არ მიაყენონ:

„ძალიან ხშირად ადამიანებს შვილები თითქოს ეხმარებიან შიშების გადაძლევაში. ოღონდ შვილი იყოს კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას. საკუთარი უკვდავების იდეის შვილში გადატანა ხდება. სწორედ ასეთ დროს ხდება ადამიანი უფრო „საშიში.“ ის აავადმყოფებს შვილს პანიკური აშლილობით. ამისთვის განწირულები არიან ბავშვები აუცილებლად.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, დედამ შვილის ფსიქიკური დაცვა უნდა უზრუნველყოს:

​დედა, რომელიც არის ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის ფსიქიკური დაცვის მექანიზმს. ეს არის გარანტია უშფოთველობის, სამყაროს სანდოობის. როგორი დაცულობაც იყო დედის მუცელში, დედამ უნდა შეძლოს, რომ ბავშვს შეუნარჩუნოს იმ პერიოდის მანძილზე, სანამ „ბარტყი“ დასაცავია. დედა, რომელიც შვილს ეუბნება: „გადასასვლელზე არ გადახვიდე, მანქანა არ დაგეჯახოს, არ წაიქცე, ნუ დარბიხარ,“ ბავშვისთის საფრთხის მომტანი ხდება. ამ დროს შვილი სულ დადარაჯებულია, უკვე განიცდის პანიკის შეტევას, რომელსაც ვერ აცნობიერებს. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად დაუპირისპირდება მას ზრდასრულობაში.“

„ყოველი სიტუაციის საფრთხის შემცველ სიტუაციად წარმოსახვა არ შეიძლება. ამაზე საშინელს, ალბათ, ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენს შვილებს. ​არანაირი სიფრთხილე არ უზრუნველყოფს ჩვენს უკვდავებას და მარცხის გარეშე ყოფნას. მარცხის გარეშე ყოფა არ არსებობს. როგორ შეიძლება არ დარბოდეს ბავშვი იმის შიშით, რომ არ იტკინოს ფეხი?!“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად