Baby Bag

რა უნდა ვიცოდეთ სუპრასტინის მიღებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ სუპრასტინის მიღებამდე?

ანტიჰისტამინური საშუალება სუპრასტინი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მედიკამენტია ალერგიული რეაქციებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

ძალიან ხშირია მისი თვითნებურად გამოყენება და მკურნალობაში ჩართვა, რაც არასწორი მიდგომაა - სუპრასტინი ძლიერი მოქმედების პრეპარატია, რომლის შემადგენელი აქტიური ნივთიერებაც ქლოროპირამინია. მას ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისას მრავალ ასპექტზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა, ამიტომაც წამლის დალევამდე ექიმთან კონსულტაცია ყოველთვის საჭიროა.

სუპრასტინის შედგენილობა და გვერდითი მოვლენები

სუპრასტინის მთავარი, აქტიური ნივთიერება ქლოროპირამინია. გარდა ამისა, შედგენილობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპის), ტალკი, ჟელატინი, სტეარინის მჟავა. სუპრასტინი გვხვდება როგორც ტაბლეტების, ისე ამპულების სახით.

გვერდითი ეფექტი, არასასურველი და ხშირად საყურადღებო რეაქცია ყველა წამალს აქვს. ცხადია, არც სუპრასტინია გამონაკლისი.

სუპრასტინის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • იშვიათ შემთხვევებში: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სხვა დისკრაზია სისხლის სისტემის მხრივ.
  • დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ - ალერგიული რეაქციები.
  • დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ - სედატიური ეფექტი, დაღლილობა, ცენტრალური ტიპის თავბრუსხვევა (ვერტიგო), ატაქსია, ტრემორი, ნერვული აგზნებადობა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია.
  • დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ - თვალშიგა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევები, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
  • დარღვევები გულის მხრივ - არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
  • დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ- უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, ტკივილი, სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში.
  • დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ - სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
  • დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ - მიოპათია.
  • დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ - გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება.

სუპრასტინი სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას

სუპრასტინის, ან მისი დანიშვნის შემდეგ სხვა მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია. გარდა ზოგადად არსებული გაიდლაინებისა, ამ შემთხვევაში, ჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი - რომელი პრეპარატები შეიძლება მივიღოთ მასთან ერთად და როგორ მოქმედებს ეს სუპრასტინის ან სხვა მედიკამენტის ეფექტიანობაზე? ამ საკითხზე კი თვითნებურად გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.

მაგალითად, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მოკლობემიდი ან სელეგილინი, აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. ამიტომაც მის მკურნალობაში ჩართვამდე უნდა გავაფრთხილოთ მკურნალი ექიმი - როგორც ალერგოლოგი, ისე ფსიქოთერაპევტი.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სუპრასტინის მიღებას ბარბიტურატებთან, საძილე საშუალებებთან, სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ატროპინთან და სხვა მუსკარინულ პარასიმპათოლიტურ საშუალებებთან. ამ შემთხვევაში ეს პრეპარატები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს.

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ სუპრასტინი ალერგიული სინჯის აღებამდე. ის კანის რეაქციებს თრგუნავს და სინჯის შედეგზე მოახდენს გავლენას. ამიტომაც, სუპრასტინის მიღება სინჯის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყვიტოთ.

დაბოლოს, სუპრასტინთან ერთად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, რადგან ის წამლის ეფექტს აძლიერებს.

R.