აუგმენტინი ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ მოქმედი წამალია, რომელიც ექიმის მითითებით მიიღება. იმის მიხედვით, თუ რა ასაკის, ავადმყოფობის ისტორიის მქონე პაციენტს ენიშნება, განსხვავებულია პრეპარატის დოზირებაც.
აუგმენტინი ბავშვებსა და მოზარდებშიც გამოიყენება შესაბამისი ჩვენების დროს. ის პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძლება შეგხვდეთ როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიის სახით. მისი დოზირება კი 228 მგ-დან 1000 მგ-მდე (ანუ 1-გრამიანი აუგმენტინი) მერყეობს.
აუგმენტინის გამოყენების წესები
აუგმენტინი საკმაოდ ძლიერმოქმედია, სწორედ ამიტომ, არ მიმართოთ თვითმკურნალობას და არ დაუწყოთ ბავშვსა თუ მოზარდს აუგმენტინის მიცემა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები ძველ გამოცდილებას იყენებენ და იმავე დოზის პრეპარატს ასმევენ შვილს, რაც წინა მკურნალობის დროს იყო დანიშნული.
გამომდინარე იქიდან, რომ საბავშვო დოზის აუგმენტინი არ იწარმოება, მნიშვნელოვანია, ექიმმა შეაფასოს პატარასა თუ მოზარდის ავადმყოფობის სიმძიმე, მიმდინარეობა და სწორედ მან განსაზღვროს, როგორ და რა სიხშირით უნდა მიიღოს პაციენტმა აუგმენტინი.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ზოგადი დოზირების წესები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მშობელს უნდა ჰქონდეს. მაგალითად, 2 წლამდე ბავშვებში აუგმენტინის დანიშვნისას მნიშვნელობა აქვს ბავშვის წონას და დოზის განსაზღვრა სწორედ მის შესაბამისად ხდება. [იხილეთ ცხრილი]
თუმცა, ეს ცხრილიც არ არის საბოლოო პასუხი და არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა მედიკამენტის დანიშვნისას სხვა ფაქტორებსაც ექცევა ყურადღება. მაგალითისათვის, თუკი თქვენი პატარა დღენაკლული დაიბადა, სამი თვის ასაკამდე (12 კვირამდე) აუგმენტინი დაენიშნება ყოველ 12 საათში ერთხელ, 30 მგ/კგ დოზირებით.
ასევე 30მგ/კგ დოზირებით ენიშნებათ აუგმენტინი პერინატალური პერიოდის ნორმალურ ახალშობილებსაც, თუმცა, მიღება ყოველ 8 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ზოგადი მიდგომითაც, 3 თვის ასაკიდან 12 წლამდე პატარებში ინტრავენური აუგმენტინის რეკომენდებული დოზა 30მგ/კგ-ია სხეულის წონაზე, 8 საათში ერთხელ მიღების შუალედით. თუმცა, ექიმის დანიშნულებით, მძიმე ინფექციების მართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ შუალედის 6 სთ-მდე შემცირება.
განსხვავებულია აუგმენტინის დოზები ბავშვებში, როცა საქმე მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას ეხება. 12 წლამდე ბავშვებში, ხშირად უგმენტინის სიროფი (იგივე სუსპენზია) ინიშნება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ყველა მედიკამენტს, აუგმენტინსაც შეიძლება თან სდევდეს გვერდითი მოვლენები. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა მიმდინარეობდეს ამ პრეპარატით მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობითა და მისი დანიშნულებით.
აუგმენტინით გამოწვეული გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი. აღწერილია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰეპატიტის, ქოლესტაზური სიყვითლის განვითარებისა და ფსევდომემბრანული კოლიტის ცალკეული შემთხვევებიც.
ასევე, არსებობს ინფორმაცია პრეპარატის მიღების შემდეგ ისეთი ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ძალზე იშვიათად - მულტიფორმული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი. იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია გვერდითი ეფექტი იყოს პრეპარატის ბიოლოგიური ქმედებით გამოწვეული კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია) ან სხვა სახის სუპერინფექცია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მშობლებს დიდ დახმარებას გაუწევს აუგმენტინით მკურნალობის პერიოდში, არ შეიძლება დაგვავიწყდეს - მედიკამენტით მკურნალობის დაწყება, დოზისა და მიღების სიხშირის შერჩევა, მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრა ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.
R.