ჯანმრთელობის შენარჩუნება, ალბათ, ადამიანის პროდუქტიულობის შენარჩუნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ამისა, მრავალი ინდივიდი ყოველდღიურად დგება პრობლემების წინაშე, რომლებთან ჭიდილსაც ჩვენი დრო, ენერგია და მოტივაცია ეწირება.
კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა ნამდვილად ერთ-ერთია იმ პრობლემათა შორის, რომელსაც თანაბრად შეუძლია თქვენი დროის, ენერგიისა და მოტივაციის განადგურება. გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება - ალბათ თითოეული მათგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგიცდიათ და გახსენება კარგ მოგონებებს ნამდვილად არ აღგიძრავთ.
საბედნიეროდ, მედიცინა გვთავაზობს არაერთ შესაძლებლობას, რათა ხსენებულ დისკომფორტს გავუმკლავდეთ. ერთ-ერთი ამ შესაძლებლობათაგანი კი დოპროკინია - ეფექტიანი და ძლიერმოქმედი მედიკამენტი.
როგორია დოპროკინის შედგენილობა
დოპროკინი ღრუ და მილოვანი ორგანოების (კუჭი, ნაწლავები და ა.შ.) რიტმული შეკუმშვა-გაფართოების (პერისტალტიკის) სტიმულატორია (პროპულსანტი), რომელიც ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება, როგორებიცაა გულისრევა და ღებინება. პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა დომპერიდონი. პსპ-ს აფთიაქების ქსელში პრეპარატი წარმოდგენილია როგორც თხევადი (სუსპენზიის), ისე მყარი (ტაბლეტების) ფორმით.
დოპროკინი-S სუსპენზიის 1 მლ. შეიცავს 1 მგ. დომპერიდრონს, ხოლო დამხმარე ნივთიერებებია თხევადი არაკრისტალიზებადი სორბიტოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ. დომპერიდრონს, დამხმარე ნივთიერებების სია კი ასე გამოიყურება: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაურილის ნატრიუმის სულფატი, პოვიდონი, აეროსილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ რომელიმე აღნიშნული ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აღგენიშნებათ, თავი შეიკავეთ დოპროკინის მიღებისგან!
დოპროკინის მიღება სხვა წამლებთან ერთად
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოპროკინი ეფექტიანთან ერთად, ძლიერმოქმედი პრეპარატიცაა, ამიტომ მისი მიღებისას სიფრთხილე გმართებთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ კონკრეტული დიაგნოზისა თუ მდგომარეობის გამო სხვა პრეპარატებს მოიხმართ, აუცილებელია, ექიმს ამის შესახებ იქამდე შეატყობინოთ, ვიდრე დოპროკინის გამოყენებას დაიწყებთ, რადგან იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებთანაც დოპროკინი უარყოფითად ურთიერთქმედებს, საკმაოდ ვრცელია. თუ პრეპარატის მიღებას აპირებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ქვეთავი, რადგან შესაძლოა, სხვა წამლებთან ურთიერთქმედებამ არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს.
არ არის რეკომენდებული დოპროკინთან ერთად ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღება. ასევე, უკუჩვენება დაფიქსირებულია ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებს გულის QT ინტერვალს. დოპროკინის აპომორფინთან ერთად მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი კომბინირებული გამოყენების სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება.
დომპერიდონისა და ლევოდოპას ერთდროულად გამოყენებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება (მაქსიმუმ 30-40%-ით), მაგრამ მიიჩნევა, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გარდა ამისა, დოპროკინის მიღება არ არის სასურველი შემდეგ პრეპარატებთან ერთადაც:
- IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი);
- ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
- ზოგი ანტიდეპრესანტი (ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი);
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (პენტამიდინი, ფლუკონაზოლი);
- მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
- პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე (ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი)
- ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);
- სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი);
- ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი.
საბოლოოდ, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა სამწუხარო და შემაწუხებელია, თუმცა ტრაგედია არ არის. შეგიძლიათ თქვენ გვერდით დოპროკინი იგულოთ, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა - არ მიმართოთ თვითმკურნალობას და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ასე თავს დაიზღვევთ არასასურველი გვერდითი ეფექტებისგან და ჯანმრთელობის პრობლემებთან ომში უკეთესი სტრატეგიით ჩაერთვებით.
R.