Baby Bag

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა - ინტერვიუ პედიატრ თემურ მიქელაძესთან

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა - ინტერვიუ პედიატრ თემურ მიქელაძესთან

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა, წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა და შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ აცრა იწვევს აუტიზმს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ​MomsEdu.ge​-ს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე  ესაუბრა.

- ბატონო თემურ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს მცდარი შეხედულება - აცრა იწვევს აუტიზმს და ა.შ.  რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც არ ცრიან შვილებს?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ აცრა არ იწვევს აუტიზმს. ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ, 22 წლის განმავლობაში, გაკეთებულა დაახლოებით რამდენიმე ასეული ათასი დოზა ვაქცინებისა და არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, რომ ვაქცინას გამოეწვია აუტიზმი. მათ შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებიც ჩვეულებრივად იცრებიან. მქონია აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან აცრილები.
 
მშობლებს ვეტყვი, რომ წითელას, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის და სხვა ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გეგმიური და დროული ვაქცინაცია. სახელმწიფოს შემოაქვს მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების ვაქცინები და მე პირადად, ვცრი ჩემს შვილებსაც. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გეგმიური ვაქცინაციის ეროვნული კალენდარი.

- საყოველთაო გრიპის აცრა რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს?

- გრიპის აცრა ბავშვს შეიძლება, ჩავუტაროთ 6 თვის ასაკიდან. გარდა ამისა, აცრა სასურველია, ჩაუტარდეს რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებს. ესენია - 5 წლამდე ასაკის ხშირად მოავადე და სკოლამდელ დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, 65 წელს გადაცილებული ასაკის მქონე პირები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე პირები. 

გრიპის ვირუსს გააჩნია ანტიგენური სტრუქტურის სწრაფი ცვლილება ამიტომ ყოველ წელს კეთდება ახალი ანტიგენური სტრუქტურის ვაქცინები. აუცრელ პაციენტებს გრიპის ვირუსის დროს უმეტეს შემთხვევაში უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. ზოგჯერ ჩვენ ვიყენებთ ანტივირუსულ პრეპარატებსაც.

- რას ურჩევდით მშობელს, რომლის შვილიც ბაღში დადის და ხშირად ავადობს, ვირუსების დროს ატაროს თუ არა ბავშვი ბაღში და წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა?

- აუცილებელია, განვმარტოთ რას ნიშნავს ხშირად ავადობა; 6 წლამდე ჯანმრთელმა ბავშვებმა წლის განმავლობაში შეიძლება, სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით იავადონ 6-10-მდე და ეს ნორმაა. ასაკის მატებასთან ერთად სიხშირე მცირდება და მოზრდილი ავადდება წლის განმავლობაში 2-3-ჯერ. ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვმა გამოჯანმრთელებამდე არ უნდა იაროს ბაღში. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობლებმა ბავშვებს თვითნებურად არ უნდა უმკურნალონ. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება სხვადასხვა ბაქტერიულ და მძიმე ინფექციებს.

- როგორ გავაკაჟოთ ბავშვები ზამთარში?

- ზამთარში ცურვაზე შეიძლება ბავშვების ტარება, თუმცა აუცილებელია, დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები. მე პირადად, ჰიპერრეაქტიული ბრონქების მქონე პაციენტებს ციგურაობაზე ვურჩევ ხოლმე სიარულს.

ესაუბრა თამარ კიკალიშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკვე ხელმისაწვდომია

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკვე ხელმისაწვდომია

გულის და კარდიოლოგიური დაავადებების ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევა - კარდიო MRI, იგივე გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკვე ხელმისაწვდომია

კვლევა ტარდება Siemens-ის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით.

ამ თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge-სთან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსმა, კარდიოლოგმა ეკა კაპანაძემ ისაუბრა.

- რა არის გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (კარდიო MRI) და კონკრეტულად რა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება?

ეკა კაპანაძე: გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის გულის სიღრმისეული გამოკვლევა, რომელიც მაგნიტური ველის და რადიო სიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება. ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით გვაძლევს გულის მაღალი დონის გამოსახულებას. აღსანიშნავია, რომ გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური კვლევა (არ ხდება ორგანიზმში ჩარევა) და რაც მთავარია, მავნე დასხივების გამოყენების გარეშე ვიღებთ მაღალი დონის გამოსახულებას.

ამ კვლევის მეშვეობით, ჩვენ ვაფასებთ გულის, როგორც ანატომიას და ფუნქციას, ასევე სისხლის ნაკადს და რაც მთავარია, გულის მრტ კვლევით შესაძლებელია გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერცერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება. ამიტომ ამ კვლევას აქვს დიდი როლი იმ დაავადებების დიაგნოსტიკაში და მართვაში, რომლებიც მიმდინარეობს გულის კუნთის დაზიანებით, ეს იქნება მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც აზიანებს გულის კუნთს (ე.წ. კარდიომიოპათიები), თუ შეძენილი, მაგალითად, მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გადატანილი ვირუსული ინფექციის გართულებას. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მიოკარდიტის დიაგნოზის დასმა ადრეულ სტადიაზე არის შესაძლებელი მანამ, სანამ ეს ნათელი გახდება სხვა კვლევით, მაგალითად, ექოკარდიოსკოპიით. ამ შემთხვევებში ვაფასებთ, ხომ არ არის ჩანაცვლებული გულის კუნთოვანი ქსოვილი რაიმე სხვა ქსოვილებით, მაგალითად, ცხიმოვანით და/ან ნაწიბუროვანით.

ასევე, აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კომბინირებული გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირების დროს. თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთ-ერთი მათგანი - ფალოს ტეტრადა, როდესაც პაციენტს ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ქირურგიული ჩარევა შეიძლება დასჭირდეს. სწორედ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვიღებთ იმ ზუსტ ინფორმაციას, რომლის სხვა კვლევით მიღება შეუძლებელია (კერძოდ, მარჯვენა პარკუჭის ფუნქციისა და მოცულობის შეფასებით). შემდგომში ამ მონაცემით ხდება გადაწყვეტილების მიღება: ესაჭიროება თუ არა პაციენტს განმეორებითი კარდიოქირურგიული ჩარევა - ფილტვის არტერიის სარქვლის იმპლანტაცია.

ამ კვლევამ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა (კათეტერიზაცია), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც სიცოცხლის მანძილზე უწევთ განმეორებითი ანგიოგრაფიული კვლევის ჩატარება. ანგიოგრაფიული კვლევა კი გახლავთ, პირველ რიგში, ინვაზიური კვლევა და მეორე, მაიონიზირებელი (მავნე) დასხივების ქვეშ მიმდინარე კვლევა.

გულის მრტ არის ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევა პაციენტებში, რომელთაც გულის სიმსივნური წარმონაქმნები/თრომბები აწუხებთ.

- სხვა კვლევებისგან განსხვავებით, რა შესაძლებლობები აქვს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას და არსებობს თუ არა ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვა კვლევებით არ იყო თვალსაჩინო და კარდიო MRI-ის საშუალებით გამოჩნდა?

ეკა კაპანაძე: ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ კვლევა ტარდება მაიონიზირებელი დასხივების გარეშე. გულის მრტ კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტის კვლევას მიოკარდიუმის ფუნქციის, მოცულობის შეფასებაში და ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლების გამოსავლენად. ასევე ის გახლავთ უნიკალური კვლევა ქსოვილის დაწვრილებითი შეფასებისათვის, მიოკარდიუმის შეშუპების და მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებისთვის (ანუ სისხლმომარაგების და ე.წ. სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაში, გადატანილია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ).

ამასთან ერთად, გვაძლევს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ვიღებთ გულის მუშაობის ვიდეოებს, ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს, გულის ფუნქციას. არის გარკვეული დაავადებები, როდესაც დიაგნოსტიკაში პრიორიტეტულია კომპიუტერული ტომოგრაფია და არის დაავადებები, როდესაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. რიგ შემთხვევაში პაციენტს ორივე კვლევის ჩატარება სჭირდება. მაგალითად, თუ კითხვა არის გულის კუნთის ქსოვილის დაზიანებაზე, მის მასშტაბზე, სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასებაზე და ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის ზუსტად დათვლაზე, მაშინ უნდა დაინიშნოს გულის მრტ კვლევა, თუკი თქვენს ექიმს სურს, შეაფასოს გულის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობა, მაშინ სჯობს ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

თუ შევადარებთ ექოკარდიოსკოპიას, გვაძლევს გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებების შეფასების საშუალებას, ანუ გულის კუნთი თუ გარკვეულ ადგილებში ჩანაცვლებულია ე.წ. ნაწიბუროვანი ქსოვილის თუ რაიმე ნივთიერების დაგროვებით, ამის შეფასების საშუალებას გვაძლევს მხოლოდ გულის MRI. ამასთან ერთად, გამოსახულების მიღება არ არის გაძნელებული ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როგორც ექოკარდიოსკოპიის დროს, ასევე ექოკარდიოსკოპიით. შეზღუდულია გამოსახულების მიღება პაციენტებში, ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ, ამიტომ გულის სტრუქტურის და ფუნქციის მეტი გარჩევადობისთვის ინიშნება გულის მრტ კვლევა.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ გულის MRI ძალიან კარგია რთული შემთხვევების დიაგნოსტიკისათვის და განსაკუთრებით იმ მდგომარეობების დროს, როდესაც სხვა კვლევის შედეგები გაურკვეველი, საეჭვო ან ორაზროვანია.

გულის მრტ იძლევა კარგ ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ გვეხმარება პაციენტის მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში.

- როგორ მიმდინარეობს პროცედურა, რა დრო სჭირდება და პაციენტი რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კვლევისას?

ეკა კაპანაძე: მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40 წუთიდან 1 საათამდე. ვინაიდან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მიღებისთვის აუცილებელია პერიოდულად სუნთქვის შეკავება. ტარდება, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში, არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. უბრალოდ 8 წლამდე ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ სუნთქვის ადეკვატური შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება.

ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა ორგანოს მრტ-სთან არის ის, რომ კვლევა ტარდება პაციენტის ელექტრო კარდიოგრაფიის სინქრონიზაციით, რათა აპარატმა დაასკანეროს გულის ციკლი გარკვეულ ფაზაში და მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულება. ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მის გარეშე, გააჩნია რა კლინიკური კითხვა აქვს თქვენს ექიმს.

როგორც წესი, ეს კვლევა პაციენტისთვის დისკომფორტს არ ქმნის. იმის მიუხედავად, რომ პაციენტი სკანერში იმყოფება, მასთან მუდმივად ხდება კომუნიკაცია.

- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, სანამ კვლევას ჩაიტარებს, სჭირდება თუ არა, რაიმე განსაკუთრებული მომზადება?

ეკა კაპანაძე: პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ კვლევაზე მისი მიმართვა ხდება მკურნალი კარდიოლოგის მიერ, რათა პასუხი გავცეთ გარკვეულ კითხვებს, რაც ვერ გაირკვა უკვე ჩატარებული კვლევებით, შესაბამისად, ეს კვლევა პირველადი კვლევა არ არის.

გულის მრტ კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კვლევისას სჭირდება კონტრასტული ნივთიერების გამოყენება, წინასწარ ხდება პერიფერიული ვენური კათეტერის ჩაყენება.

თუ პაციენტი ბავშვია, ვაზუსტებთ დეტალებს და ვაფასებთ, რამდენად შეძლებს პაციენტი კვლევის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიის გარეშე.

და ბოლოს ვიტყვი, რომ გულის მრტ კვლევის ჩატარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სკანერი (აპარატი), რომლითაც სრულდება ეს კვლევა, არამედ აუცილებელია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ხდება მიღებული გამოსახულების და ინფორმაციის დამუშავება. „ნიუ-ჰოსპიტალსის“ უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის მრტ სკანერისა, გვაქვს კარდიოლოგიური პროგრამების სრული პაკეტი, რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ექიმი, რომელიც ატარებს კვლევას, კარგად უნდა ფლობდეს აპარატს და ჰქონდეს ცოდნა რადიოლოგიაში და ამასთან, აუცილებელია იყოს კვალიფიციური კარდიოლოგი, რომელსაც სიღრმისეულად შესწავლილი აქვს გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე, გულის, როგორც შეძენილი, ისე თანდაყოლილი ანომალიები.

R.

წაიკითხეთ სრულად