Baby Bag

როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი

როგორ გამოვიცნოთ კრუპი?  - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი

როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - აღნიშნულის შესახებ პედიატრი ​თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი:

  • ხმის ტემბრის შეცვლა
  • მყეფავი ხველა
  • სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა

დებიუტი უხშირესად ერთიდაიგივეა - პატარას ღამით მშვიდობიანად გაისტუმრებთ დასაძინებლად და უეცრად გამთენიისას მას მყეფავი ხველით, სუნთქვის გაძნელებით ეღვიძება. მდგომარეობა იმდენად შემაძრწუნებელი სანახავია, რომ უნებრურად შიში გიპყრობთ.

მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ის ნახველის წარმოქნით და მდგომარეობის გაუმჯობესებით სრულდება. დაავადება შესაძლებელია მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს. მძიმე მიმდინარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან შესაძლებელია ხორხის სრული დახშობა მოჰყვეს ძლიერი შეშუპების ხარჯზე.

რა ვქნათ?

  • პირველ რიგში, უმთავრესი - არ დაიბნეთ!
  • დაამშვიდეთ პატარა. ჭირვეულობა, ტირილი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
  • მოახვიეთ საბანი და პატარა აივანზე გაიყვანეთ. ცივი ჰაერის ზეგავლენით სპაზმური კომპონენტი მოიხსნება და მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესდება.
  • მიეცით თბილი სითხეები
  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა


კრუპის მკურნალობა სტეროიდულ ჰორმონის მიღებას გულისხმობს. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ გადაყლაპული, კუნთში შეყვანილი და ინჰალაციით მიღებული ჰორმონის ეფექტურობა ექვივალენტურია. ამიტომ თუ ინჰალატორი გაქვთ, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ბუდესონიდის ინჰალაცია. ეს მედიკამენტი აფთიაქებში რამდენიმე სავაჭრო დასახელებით იყიდება და შერჩევაც იქვე შეგიძლიათ. 

დარწმუნებული ვარ, იმ მშობლებს, ვის პატარასაც კრუპის სინდრომი ერთხელ მაინც დამართია, ინჰლატორიც და საჭირო მედიკამენტიც შინ აქვთ. ექიმის მეთვალყურეობით საშუალო და მძიმე კრუპის დროს ეპინეფრინის ინჰალაციაც ჩატარდება, რაც მდგომარეობას სწრაფად გააუმჯობესებს.

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შემდგომი მართვის რეკომენდაციებს პედიატრები მოგცემენ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

წაიკითხეთ სრულად